მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება. ამჟამად, 1 ბარელი Brent-ის ნედლი ნავთობი 89.9 აშშ დოლარი ღირს, ხოლო 1 ბარელი WTI 88.2 აშშ დოლარი.
აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ, 27 სექტემბერს Brent 97.4 აშშ დოლარამდე გაძვირდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ფასები კვლავ 100-დოლარიან ნიშნულს მიაღწევდა ან გადააჭარბებდა.
მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით, ფასები იკლებს და 27 სექტემბრის შემდეგ Brent და WTI, შესაბამისად, 7 და 6 პროცენტითაა გაიაფებული.
ანალიტიკოსების თანახმად, ფასების შემცირება მაღალფასიანი Brent-ის კონტრაქტების ამოწურვასთან, ამერიკული დოლარის გამყარებასა და ტრეიდერების მიერ მოგების მიღებასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნია, რომ დოლარი ახლა უცხოური ვალუტების კალათის მიმართ 10-თვიან მაქსიმუმამდეა გამყარებული, რასაც ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განაპირობებს. თავის მხრივ, მყარი დოლარი ნავთობსაც აძვირებს სხვა ვალუტების მქონე ქვეყნებისთვის, რამაც, შესაბამისად, მოთხოვნის რაოდენობაც უნდა შეამციროს.