2023 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასები, დაახლოებით, 30%-ითაა გაზრდილი. 4 ოქტომბერს 1 ფუნტი (0.45 კგ) შაქრის ფასი ბირჟაზე 25.7 ცენტს შეადგენს.
აღსანიშნია, რომ შაქრის გაძვირება პანდემიურ 2020 წელს დაიწყო, ხოლო შემდეგ ფასის ზრდაში სხვადასხვა ფაქტორმა შეიტანა წვლილი.
საქონლის გაძვირება ყველაზე მეტად აფრიკის უღარიბისი ქვეყნებისთვისაა მტკივნეული, რაც მოსახლოეობასა და რესტორნებს აიძულებს, ხშირად, კვებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ინგრედიენტზე უარი თქვან.
ჩავარდნილმა სეზონმა და შემცირებულმა მოსავლიანობამ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში შაქრის ფასები თითქმის 12-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა სექტემბერში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის გაძვირებას თითქმის ყველა ქვეყნის ინფლაციაზე აქვს გავლენა, აფრიკული ქვეყნები პროდუქტის იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, მის შესაძენად საჭირო დოლარზე კი ნაკლები წვდომა აქვთ.
მომხმარებლებს უგანდაში, რუანდაში, კენიასა და ტანზანიაში შაქრის შესაძენად ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტის გადახდა უწევთ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს იმპორტზე ტარიფები, ენერგიის ფასებიც მაღალია და უმუშევრობაც, რაც ოჯახებისთვის გამოკვებას ძალზედ ართულებს.
აქამდე შაქარი კალორიების მისაღები ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება იყო, მაგრამ ახლა მომხმარებლებს, ხშირ შემთხვევაში, მასზე უარის თქმა უწევთ.
ცნობისთვის, ოთხი ყველაზე მსხვილი შაქრის იმპორტიორი ქვეყნის, ნიგერიის, ალჟირის, მაროკოსა და ეგვიპტის იმპორტის ერთობლივი მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა მიმდინარე წლის 8 თვეში წლიურად, 2021 წელთან შედარებით კი 8%-ით.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობა მკვეთრად იზრდება, თუმცა, საკუთარი წარმოებით შაქარზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ 5 ქვეყანა ახერხებს.
გეტყვით იმასაც, რომ შაქრის უმსხვილესი მწარმოებლები არიან ინდოეთი, რომელმაც შეზღუდვები დააწესა პროდუქტის ექსპორტზე, ბრაზილია, ტაილანდი, ჩინეთი და აშშ. სიაში მომდევნოები არიან რუსეთი, მექსიკა და საფრანგეთი.