შავი ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დღეს მოქმედი კანონმდებლობით გემიდან ზღვის დაბინძურებაზე ფულადი სანქცია 65 ათასი ლარია, რომლის გაზრდასაც გეგმავს მთავრობა.
„გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრაზე, ჩაშვებაზე), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე, გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა 65 000 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.
ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობა მერყეობს 265 700 ლარიდან 797 200 ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, დაგეგმილია საჯარიმო სანქციების გაზრდა,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.