მას შემდეგ, რაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ კანონი გამკაცრდა, აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2014 წლის ბოლოს ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) კანონით ისჯება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემთხვევათა რაოდენობა 2022 წელს, 2013 წელთან შედარებით, 20,4 ათასით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2013 წელს აბორტების რაოდენობამ 37 ათასი შეადგინა, 2014 წელს - 33,5 ათასი, 2015 წელს - 33,4 ათასი, 2016 წელს - 29,6 ათასი, 2017 წელს - 24,9 ათასი, 2018 წელს - 22,7 ათასი, 2019 წელს - 21,6 ათასი, 2020 წელს - 19 ათასი, 2021 წელს - 17,8 ათასი, 2022 წელს - 16,6 ათასი.
ცნობისთვის, 12 კვირამდე (ჩათვლით) ვადის ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება - აბორტის წინა კონსულტაცია ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და გასაუბრებიდან სამედიცინო ჩარევამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ორსულობის მე-12 კვირაზე მიმართვისას, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ იწურება ლეგალური აბორტის ვადა, რაც განაპირობებს სერვისის მიწოდების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს არანაკლებ 3 დღემდე.
გამონაკლის შემთხვევაში, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ.
ამასთან, დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.