ევროკავშირი გეგმავს, ყველა ავიაკომპანიას თვითმფრინავში ხელბარგის უფასო შეტანა დაავალდებულოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტის საპეტიციო კომიტეტმა ერთხმად მიიღო, ხოლო საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე თვეში გაიმართება.
რეზოლუცია ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ავიაკომპანიებს მოუწოდებს, მგზავრებს თვითმფრინავში ხელბარგის უფასოდ შეტანის შესაძლებლობა გარანტირებული ჰქონდეთ.
ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს გადაწყვიტა, რომ მგზავრებს ხელბარგის საფასური არ უნდა გადაეხადათ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ „გონივრული“ ზომისა და წონის ხელბარგი ავიამგზავრობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება და ბევრი ავიაკომპანია ამ გადასახადის ამოღებას განაგრძობს.
ცნობისთვის: ჰელსინკის, კოპენჰაგენის, ესპანეთის ქალაქებისა და მალტის აეროპორტებში უსაფრთხოების კონტროლის გავლისას მგზავრებს ხელბარგიდან ელექტრონიკის ამოღება აღარ უწევთ, ხოლო თვითმფრინავში 100 მილილიტრზე მეტი სითხის შეტანა დაიშვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ