იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მლრდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც მთლიანი ექსპორტის 10%-ია. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
თუმცა გასული წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,9 მლრდ კუბური მეტრი გაზი შევიდა, წლევანდელი საექსპორტო მოცულობა 200 მლნ კუბური მეტრით ნაკლებია.
მთლიანობაში, მინისტრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაზის ექსპორტი პირველ 9 თვეში 9%-ით, 17,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აქედან ევროპაში გაზის ექსპორტმა 8,6 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც აზერბაიჯანიდან მიწოდების 48%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 42% თურქეთის წილია, სადაც 7,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი შევიდა.
ამჟამად ევროპაში აზერბაიჯანული გაზის შემსყიდველი ქვეყნები იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთია.
მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 24,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზის ექსპორტი იგეგმება, საიდანაც, დაახლოებით, 12-12,5 მლრდ კუბური მეტრი ევროპას მიეწოდება.
2022 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 18%-ით, 22,3 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზარდა, რაშიც ევროპის წილი 11,4 მლრდ კუბურ მეტრს (+39%) შეადგენდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ