კახა კალაძის განცხადებით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად პროექტზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად პროექტზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება, ტენდერის დასრულების შემდეგ კი პროექტის განხორციელება დაიწყება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა, ოქტომბრის ბოლოსთვის კი მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი.

„დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას. EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია (Enviroplan S.A. – „ენვიროფლან ეს ეი“), რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია, მიმდინარე წლის დეკემბერში, დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება. ჩვენ სამწუხაროდ ამის გამოცდილება არ გვქონდა და პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ ადამიანებიც არ მოიძებნება საქართველოში, ვინც ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებზე იმუშავებდა და მუნიციპალიტეტს პროექტს წარუდგენდა.

ასევე, EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის ( აი სი ფი) დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე, ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება. ლილოს ნაგავსაყრელის დღევანდელი მდგომარეობა არის პრობლემური, თუმცა ჩვენ ვმუშაობდით და გვაქვს კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებაც მოხდება. ჩვენი იდეა და მიზანია, რომ ნარჩენების სეპარირება მოხდეს, თუმცა ამის მიღმა დიდი სამუშაოა გასაწევი“ , - განაცხადა კალაძემ.