2024 წელს საქართველოს ვალი 7.2%-ით  გაიზრდება  - რატომ გაუძვირდა საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება

აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზი და შენიშვნები გამოაქვეყნა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით შემოსულობები 23.9 მლრდ ლარს, ხოლო გადასახდელები 24.2 მლრდ ლარს შეადგენს და 2023 წლის გეგმასთან შედარებით ორივე იზრდება, შესაბამისად, 1.7 მლრდ და 1.8 მლრდ ლარით. შემოსულობების ზრდა ძირითადად განპირობებულია „შემოსავლების“ მუხლის 1.6 მლრდ ლარით ზრდით, ხოლო გადასახდელების - „ხარჯების“ მუხლის 1.5 მლრდ ლარით ზრდით.

აუდიტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 33.6 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა (მშპ-ს 39.3%), რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 მლრდ ლარით (7.2%-ით) აღემატება. სახელმწიფო ვალის ზრდა გამოწვეულია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის მატებით. კერძოდ, საშინაო ვალი იზრდება 1.5 მლრდ ლარით, ხოლო საგარეო ვალი - 750 მლნ ლარით. საშინაო ვალის მეტად ზრდის მიუხედავად, საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალის პორტფელში კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და მთლიანი სახელმწიფო ვალის 70.4%-ს შეადგენს (23.6 მლრდ ლარი).

screenshot-1-1697697767.jpg

კანონპროექტით 2024 წლისთვის მთავრობის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 32.6 მლრდ ლარის დონეზეა განსაზღვრული (მშპ-ს 38.2%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 მლრდ ლარით (7.7%-ით) აღემატება. მთავრობის ვალის ზრდაში საგარეო ვალის წილი 2.8%- ია, ხოლო საშინაო ვალის - 4.9%.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით განსაზღვრულ 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და 2023-2026 წლების „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის“ მიზნობრივ ნიშნულებს შორის ფიქსირდება მცირედი განსხვავება. კერძოდ, მთავრობის წმინდა ვალის მშპსთან ფარდობა (35.6%) 0.9 პ.პ.-ით მეტია სტრატეგიის მიზნობრივ ნიშნულთან შედარებით. მთავრობის წმინდა ვალის ცვლილება, ერთი მხრივ, გამოწვეულია დეპოზიტებზე არსებული ნაშთის ცვლილებით (286 მლნ ლარით), ხოლო მეორე მხრივ, 2024 წლის ნომინალური მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის კლებით (972 მლნ ლარით).

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით“ განსაზღვრული ნიშნულების უკეთ ინტეგრირებისთვის, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე განაახლოს სტრატეგიის დოკუმენტი.

თამარ მუკბანიანი