საქართველოში მიმავალი რუსი ტურისტები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ბორტზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილი. ინფორმაციას Telegram-არხი, „კრიშა ტურდომა“ ავრცელებს.
მოულოდნელი ვითარება სოჭი-თბილისის რეისზე Azimut Airlines-ის თვითმფრინავზე შეიქმნა, რის გამოც ფრენა ცხრა საათით გადაიდო.
Telegram-არხის ცნობით, „გაუმართაობის გამო Sukhoi Superjet 100-მა 9:55 სთ-ის ნაცვლად მხოლოდ 19:11 საათზე შეძლო აფრენა, ხოლო, დაახლოებით, 20-მა მგზავრმა 15:30 საათზე თვითმფრინავში ჯდომაზე უარი თქვა და მგზავრობა გააუქმა. შესაბამისად, თბილისიდან დასაბრუნებელი რეისი დაგეგმილზე 10,5 საათით გვიან ჩამოფრინდა.“
ცნობისთვის: სოჭი-თბილისის რეისზე Azimut-მა ფრენები სულ ახალხან, 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს სრულდება.
ამასთან, სექტემბერში ასობით რუსი ტურისტი რეისის გაუქმების გამო ტაილანდში რამდენიმე დღით იყო ჩარჩენილი, რაც რუსული ავიაკომპანია Icarus-ის თვითმფრინავის გაუმართაობამ გამოიწვია.
მაისში ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ყოფილი თანამშრომელი ანონიმურობის პირობით „პროექტთან“ აცხადებდა, რომ თვითმფრინავები ხშირად გაუმართავ მდგომარეობაში დაფრინავენ. კერძოდ, თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ადგილზე არ რჩება, რასაც დოკუმენტაცია ხომლადს დაზიანების აღმოფხვრამდე უკრძალავს. გამოცემის წყაროს ცნობით, სხვა რუსულ ავიაკომპანიებშიც არაოფიციალურად იგივე პრაქტიკა მოქმედებს და ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ თვითმფირნავები ადგილზე არ გააჩერონ. მაგალითად, თვითმფრინავების ტუალეტებში საჰაერო „კანალიზაციის“ ვაკუუმ-გენერატორი ნახევარი წლის განმავლობაში არ იცვლება, რის გამოც ბორტზე ტუალეტები მხოლოდ 5 კმ-ზე მეტ მანძილზე მუშაობს. ავიაკომპანიის თანამშრომლის თქმით, „Airbus-A320 ერთი დეაქტივირებული, ანუ გათიშული მუხრუჭით დაფრინავს.“ ამასთან, მუხრუჭები ისე იცვლება, რომ არ არის დაცული დოკუმენტებით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადა.
2022 წლის მარტში მსოფლიო საავიაციო გიგანტებმა, Boeing-მა და Airbus-მა რუსეთის ფედერაციაში მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც ქვეყანაში თვითმფრინავების შესაკეთებელი სათადარიგო ნაწილების დეფიციტი გაჩნდა. ევროპულმა ქვეყნებმა, ისევე, როგორც შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე ვარგისიანობის სერტიფიკატების მოქმედება შეაჩერეს. 2022 წლის 26 სექტემბერს რუსული ავიახაზები ყველაზე პრესტიჟული რეიტინგიდან გარიცხეს. იმავე წლის ნოემბრის მდგომარეობით, „აეროფლოტის“ დაახლოებით 50 თვითმფრინავი უმოქმედო იყო, ხოლო მათი ნახევარი სათადარიგო ნაწილებისთვის დაშალეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ