ბოლო პერიოდში ბაზარზე ბოსტნეულსა და მწვანილზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც მოწმობს.
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ამ პროდუქტებზე ფასების მატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის წარმოებისთვის საჭირო ხარჯები, ქიმიური და ნედლეულის ფასები და ა.შ.
გარდა ამისა, ფასების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად პროდუქტის რაოდენობა და მისი ხარისხი - წერს East-fruit-ი.
„წელს უხვი ნალექი და სეტყვა მოვიდა, რამაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება გამოიწვია. ამ ყველაფერმა კი შექმნა გარკვეული დეფიციტი და ფასებზე იმოქმედა“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა - 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 740 მლნ დოლარიდან 2023 წელს 906 მლნ დოლარამდე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტიც. თუ 2022 წელს მისი მოცულობა 1,1 მილიარდი დოლარი იყო, 2023 წელს მან 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.