ეკონომიკა ღაზას სექტორში - როგორ ცხოვრობდნენ პალესტინელები ომამდე

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება, „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, რეგიონში 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ხოლო მსოფლიოს ყურადღება ღაზას სექტორზე არის ფოკუსირებული.

Forbes აღწერს, თუ როგორი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა არაბებით დასახლებულ ამ ტერიტორიაზე.

ღაზას სექტორი არის ანკლავი, რომლის ფართობიც 360 კვ.კმ-ია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის პალესტინის სახელმწიფოს ორი ნაწილიდან ერთ-ერთია. თავის მხრივ, პალესტინა 193-დან 138 ქვეყნის მიერ არის აღიარებული. სექტორის ადმინისტრაციული ცენტრი არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი, ღაზა.

1994 წელს ღაზას სექტორში მყოფმა პალესტინელებმა საკუთარი ეროვნული ადმინისტრაცია მიიღეს, თუმცა ღაზაში ებრაული დასახლებებიც იყო. ამასთან, ისრაელი ანკლავის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებს აკონტროლებდა. თუმცა 2005 წელს ისრაელმა ღაზას სექტორიდან ჯარი და, თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების შიშით, ებრაული დასახლებებიც გაიყვანა, რომლებიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაახლოებით, 7000 ადამინას შეადგენდა.

380210060-822111669916861-2686801674936231264-n-1697810979.jpg

რადიკალური ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლები ღაზას ხელისუფლებაში 2006 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ. მათი მთავარი მიზანი მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე ებრაელებისგან ე.წ. პალესტინის მიწების გათავისუფლებაა. მას შემდეგ, რეალურად, ორი პალესტინა შეიქმნა: ერთი ღაზაში, „ჰამასის“ კონტროლქვეშ და მეორე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა „ფათაჰის“ კონტროლის ქვეშ, რომელსაც პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. „ფათჰი“ ისრაელთან ურთიერთობაში შედარებით ზომიერი პოზიციას იცავს.

არჩევნებში „ჰამასის“ გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორის ბლოკადა გამოაცხადა, რასაც ეგვიპტეც შეუერთდა. ეგვიპტეს არ სურდა, იარაღის შესაძლო მიწოდების გამო ანკლავი ტერორისტული საფრთხის კიდევ ერთი კერა გამხდარიყო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ღაზასა და მის გარეთ ხალხისა და საქონლის გადაადგილება დაიბლოკა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები 2 მილიონამდე ადამიანი გარე სამყაროს არსებითად მოწყდა.

მოსახლეობა

მედია ხშირად წერს, რომ ღაზა მოსახლეობით გადატვირთულია, რაზეც ნაწილობრივ მოწმობს სკოლის კლასებში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა, რომელიც 40 ბავშვზე მეტს შეადგენს. ბავშვები, ძირითადად, გაერო-ს მიერ დაფინანსებულ საშუალო სკოლებში სწავლობენ, თუმცა იქ მხოლოდ ორი-მესამედი განაგრძობს სწავლას. ამის მიუხედავად, 2020 წლის მონაცემებით, ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე წერა-კითხვა 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 97.5%-ს, მათ შორის, მამაკაცების 98.8%-ს, ხოლო ქალების 96.2%-ს შეუძლია.

ღაზას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს. CIA-ს მონაცემებით, საშუალო ასაკი 18 წელია. უფრო მეტიც, ბავშვები ამ ტერიტორიის მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენენ. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ახალგაზრდების უმეტესობა, ანუ, დაახლოებით, 70% უმუშევარია.

380082415-1076084280418291-7022630214500189595-n-1697810996.jpg

ცხოვრების დონე

ღაზაში ცხოვრება მიმდინარე ომამდეც არ ყოფილა კომფორტული, რადგან ხალხი იქ წყლის, მათ შორის სასმელი წყლის მუდმივ დეფიციტს განიცდის. სექტორის ჭის წყლების 95% სასმელად უვარგისია. ღაზაში სუფთა წყალი, საწვავი და ელექტროენერგია, ძირითადად, ისრაელიდან და ნაწილობრივ ზღვითაც შედიოდა. ცენტრალური ქსელის მეშვეობით წყალი მოსახლეობას ოთხიდან ხუთ დღეში ერთხელ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. ამასთან, გაეროს ანგარიშის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ სახლების უმეტესობა საერთო საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულია, კანალიზაციის გამწმენდი სისტემები გადატვირთულია და ბევრი ნარჩენი ბოლო დრომდე პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინებოდა.

ელექტროენერგია ღაზას დღეში, დაახლოებით, 11 საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. ძირითად ნაწილს სექტორს ისრაელი აწვდიდა. თუმცა ამჟამად მიწოდება შეჩერებულია და ერთადერთი ადგილობრივი ელექტროსადგურიც განადგურებულია.

სექტორის სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე ლაპარაკიც ზედმეტია, რაც სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი მიწის ნაკლებობით არის განპირობებული. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ღაზას საზღვრიდან კილომეტრნახევარი სიგანის ბუფერულ ზონაში, რომელიც ისრაელის მიერ არის განსაზღვრული, ნებისმიერი მოსავლის მოყვანაზე შეზღუდვა მოქმედებს. გაეროს მონაცემებით, ამ მიწების გამოყენების შეუძლებლობა წელიწადში 75000 ტონამდე საკვების პოტენციურ დანაკარგს იწვევს.

ამასთან, ისრაელი ანკლავს თევზაობის სფეროშიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირიდან მხოლოდ გარკვეულ მანძილზე შეუძლიათ თევზაობა, ხოლო პერიოდული ესკალაციების დროს ღაზაში თევზაობის სრული აკრძალვა მოქმედებს.

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს ღაზას სექტორში უმუშევრობამ 45,3% შეადგინა. ამასთან, დასავლეთ სანაპიროზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, სადაც ეს მაჩვენებელი 13,1%-ია. მსოფლიო ბანკის მიერ რეგიონისთვის გაწეული პროგრამებისა და ყოვლისმომცველი დახმარების მიუხედავად, სექტორში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კერძოდ, სავალუტო ფონდის მონაცემებით, ღაზას ერთ სულ მოსახლეზე მშპ 15 წლის განმავლობაში წელიწადში, საშუალოდ, 2,5%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელს მან 1300 დოლარზე ნაკლები შეადგინა, მაშინ, როცა დასავლეთ სანაპიროზე ერთ სულ მოსახლეზე მშპ, თითქმის, ოთხჯერ მეტია.

სექტორიდან მიგრანტების არალეგალური ნაკადის შესამცირებლად და ფულის შოვნის მეტი შესაძლებლობისთვის მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივ სპეციალისტებს უცხოურ კომპანიებში დისტანციური მუშაობის საშიალებას აძლევენ. კერძოდ, მოქალაქეთა ნაწილს, მათ შრის, სილიკონის ველზე ტექნიკურ სამუშაოებზე ქირაობდნენ, როგორიც არის ტექსტის წერა თუ მონაცემების გაანალიზება. ეს, თავის მხრივ, დიდ კომპანიებს ხარჯებს აზოგინებდა, რადგან ღაზას მცხოვრებლების მომსახურება იაფია.

TechCrunch წერს, რომ ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ღაზა, პარადოქსულად, დიდი ხანია, ტექნოლოგიური ცენტრი იყო როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ზოგიერთი IT-კომპანია ცდილობდა, ადგილობრივ ნიჭიერ ადამიანებთან და სტარტაპებთან ეთანამშრომლა. კერძოდ, The Times of Israel-ის ცნობით, Nvidia მრავალი წლის განმავლობაში ღაზას 100 ინჟინერთან თანამშრომლობდა. ტექნოლოგიურ კომპანიებში პალესტინელი თანამშრომლების მიზიდვის ინიციატორთა შორის ეიალ ვალდმანიც იყო, რომელიც სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ Mellanox-ის დამფუძნებელია. მისი ქალიშვილი „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

გამოკითხვების თანახმად, სექტოის დატოვება ღაზას მოსახლეობის 37%-ს სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა, თითქმის, არ ეძლევათ. კერძოდ, ეგვიპტის საზღვარზე „რაფაჰის“ საგუშაგო, რომელიც ამჟამად დახურულია, ყოველდღიურად გადასვლის უფლებას მხოლოდ 500 პალესტინელს აძლევდა. ამასთან, ბევრი პალესტინელი სამუშაოდ ისრაელში მიდის. მაგალითად, გაეროს მონაცემებით, 2022 წელს ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის გაცემული შესვლის ნებართვების საერთო რაოდენობამ 424 000-ს გადააჭარბა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ნებართვების მიმღებთა 83% დღიურ მუშად იყო რეგისტრირებული.

ღაზაში დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტ „მასარატის“ მონაცემებით, 2018-2022 წლებში სექტორი, დაახლოებით, 36,000-მა ადამიანმა დატოვა. ზოგი მათგანი ხელნაკეთ ნავებზე ზღვით გარბის, რა დროსაც 2014 წლიდან მოყოლებული 375 ადამიანი დაიკარგა ან გარდაიცვალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ