თუ რაჭაში, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება დაგეგმილია დაახლოებით, 97 ათას ჰა ფართობ ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე, სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიის მფლობელი კი პირობებს არ ასრულებს.
„ჩვენ, გასულ წელს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გავეცით ლიცენზია. ეს ლიცენზია მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მათ შორის, 5 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობის აღდგენას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეგიონის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ - ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო. თუმცა ლიცენზიანტმა, დღემდე, იქ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა. ჩვენს დეპარტამენტს ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწერა შესაბამისი ოქმები. ეს არაერთხელ განვაცხადეთ. შემდგომში უკვე დავიწყეთ მუშაობა, დიდი ხანია ამაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, შევქმნათ შესაბამისი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც მართვაში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თვითონ მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ჩვენ დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში გვაქვს. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, როცა იღებენ კონკრეტულ ბენეფიტებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დაცული ტერიტორია ჩვენ შევქმენით რაჭაში, 50 ათას ჰა ფართობზე და იქ ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გვყავს დონორი. დონორის ინვესტირება მოიცავს როგორც ადმინისტრაციული კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის კონკრეტული საგრანტო პროექტების დაფინანსებას. განვითარდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს იქ ეკონომიკის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღეს რა აჟიოტაჟსაც ვაკვირდებით, არის აბსოლუტურად ხელოვნური, სრულიად უადგილო. ექსპერტების ჩართულობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიას და როგორ უნდა იყოს მართული. ჩვენ ვსაუბრობთ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობზე, დაახლოებით 97 ათასი ჰა ჰექტარზე ანუ სადაც ლიცენზიაა გაცემული, ამ ტერიტორიაზეა საუბარი. თუ, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა დააანონსა. უწყების ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხის შეტანას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. ამასთან, ინვესტორის მიმართ, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, უწყებამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების პროცესი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ოთარ შამუგიას მიერ დასახელებული ლიცენზიანტი არის კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზია 2022 წლის 11 მარტს გამართული აუქციონის შედეგად მიიღო. აუქციონის პირობების თანახმად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. ინვესტიციის განხორციელება და სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით.
გარდა ამისა, სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% უნდა წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობას. ლიცენზიანტს ევალება სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვალში, კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” აუქციონი წესით, კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო ლიცენზია რაჭაში, 97 000 ჰექტარი ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზია გაიცა კონკრეტულ წინადადებებით: რეკრეაციული და ეკოტურიზმის განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სახეობების აღდგენა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სანადირო სახეობების გამრავლება და შეეძლო ბუნებიდან მისი ამოიღება; ლიცენზიის თანახმად, ასევე, არ იზღუდებოდა ადგილობრივ მოსახლეობისთვის ტყით ტრადიციული სარგებლობის უფლება.
თუმცა, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ლიცენზიით არებული პირობები დღემდე არ შეუსრულებია. როგორც გასულ კვირას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, „კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” დარღვეული აქვს ლიცენზიის პირობების შესრულების ვადები. სახელმწიფოს მხრიდან გატარებულია ადეკვატური ზომები: სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის, მართვის გეგმის პროექტის წარმოუდგენლობის (15.05.23), პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის (16.06.23) გამო შედგა ოქმები.
ლიცენზიის პირობების შესრულება სავალდებულოა ერთნაირად ყველა ლიცენზიანტისთვის, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემაა კლიმატის ცვლილებების ფონზე დაცული ტერიტორიების გაფართოება. სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა, გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯია, რომლის მფლობელია არაბთა გაერთიანებული საემიროებში დაფუძნებული GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED.