„ინდოეთი საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ბაზარია საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ინდოეთთან.
„ინდოეთი ზოგადად მძლავრი ბიზნესმარკეტია, რომელიც მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება. მე პირადად, 2018 წლამდე აქტიური შეხება მქონდა ინდოეთის ბაზართან, ეს მოიცავდა როგორც კინო ინდუსტრიას, ასევე სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელების ინტერესიც ჰქონდათ. ეს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ბაზარია საქართველოსთვის. კარგია, რომ ამით დაინტერესდნენ და დაინახეს, რომ ძალიან დიდ ბაზარს ვკარგავთ,“- აღნიშნა მურაჩაშვილმა.
ცნობისთვის, ვიზიტორების კუთხით, ინდოეთი ტოპ-15 ქვეყანას შორის არის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ინდოეთიდან - 59 258 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც მთლიანი მოგზაურების (5 566 980) 1.1%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის სამ კვარტალში ინდოეთიდან ვიზიტების რაოდენობა 66.4%-ით, პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი - 48.2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2022 წელს ინდოეთიდან 52 841 მოგზაური შემოვიდა საქართველოში, რაც ჯამური მაჩვენებლის 1%-ია, 2021 წელს - 24 992 მოგზაური, რაც მთლიანი მოგზაურების მაჩვენებლის 1.3%-ია; 2020 წელს 8 364 მოგზაური ეწვია საქართველოს ინდოეთიდან, რაც ჯამური ვიზიტორების 0,5%-ია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელს 54 606 ვიზიტორი იყო, რაც ვიზიტორების 0,6%-ია.