გურიაში გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ექსპერტების მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა არ შესრულებულა, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აუდიტის ჯგუფმა განიხილა მათ შორის გურიის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და მისი შემდგომი შესრულების პროცესი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით − ორი და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოთხი პროექტირება-მშენებლობის პროექტების მიმდინარეობის საკითხი.
„2022 წელს პროექტირება-მშენებლობისა და გურიის რეგიონის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე 2021 წელს ექსპერტების მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა, არ შესრულებულა.
კერძოდ, გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხთა ექსპერტის მიერ 2021 წელს გაცემული 6 რეკომენდაციიდან 5 არ არის შესრულებული. რაც შეეხება ტექნიკური ექსპერტის მიერ 2021 წელს გაცემულ 11 რეკომენდაციას, მათგან შესრულებულია - 3, ნაწილობრივ შესრულებულია - 2, ხოლო 6 - არ შესრულებულა,“- აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გზების დეპარტამენტის სახით, 2016 წელს დაიწყო შედეგზე დაფუძნებული შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP ან პროექტი), რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გაცემული სესხით (სესხი N8599-GE).
პროექტის მიზნებია: გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება.