დღეიდან ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ტრანზიტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ნომრები იცვლება. აღნიშნული დადგენილება 2023 წლის 18 აგვისტოს გამოიცა. ამასთან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, იცვლება ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრებიც, თუმცა ეს ცვლილება ძალაში 2024 წლის 1-ლი აპრილიდან შედის.
დადგენილების მიხედვით, ავტომობილის ტრანზიტული ნომრის ნიმუში ასე გამოიყურება:
ტრანზიტული ნომრის ზოგადი აღწერა: ტრანზიტული ნომერი დამზადებულია შუქამრეკლი თვითწებადი ფირისაგან. ტრანზიტულ ნომერზე ნომერი და სერია დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ: სამი ციფრის კომბინაცია, სამი ლათინური ასო. ტრანზიტული ნომრის შუა, ზედა ნაწილში აღინიშნება ნომრის გაცემის წელი. (აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს).
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილების მიხედვით, მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.