2022 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 171 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 15 099 შეადგინა, რომელთაგან 12 991 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53.9 პროცენტი ქალია, ხოლო 46.1 პროცენტი - კაცი.
„მკვლევართა 68.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.6 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0 %), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.4 %).
მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 167 კაცს შეადგენს (24.4 %). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 472 პირია დასაქმებული (3.6%),“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.