თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს - რა დაჯდება სამუშაოები

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და გლდანის თეთრი ტბის გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები 3 ძირითადი მიმართულებით: ესენია ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კვლევების შედეგად ასევე შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის კონკრეტული ღონისძიებები“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტენდერს, გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი წყლით შევსების შესაძლებლობის შესახებ კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 31 ოქტომბერს გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში განაცხადების მიღება 8 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს.

იხილეთ ასევე:

კახა კალაძე - გლდანში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია - შეიძლება, აღნიშნული სივრცის მესაკუთრისთვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოგვიწიოს