მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება - ამის შესახებ გალტ& თაგარტის მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციების შეფასების დოკუმენტში წერია.
კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია. რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები.
მათივე ცნობით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც Galt&Taggart-ის მოლოდინთან თანხვედრაშია. შესაბამისად, ნარჩუნდება მოლოდინი, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-ის დონეზე იქნება, ხოლო 2024 წელს 5.0%.
ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა
„ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, განვაახლეთ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს", - წერია კვლევაში.