ბაკურიანში ბინების ფასი წლიურად 5%-ით, ხოლო გუდაურში 2.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ ტაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.9%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.
2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 95.5% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200).
ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი უმეტესობა (9 პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს.
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.0%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა,“- აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება უძრავ ქონებას გუდაურში, კვლევის თანახმად, 2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 98 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.8%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 30.7%-იანი ზრდაა.
„2023 წლის 9 თვეში, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ბაკურიანთან შედარებით, მთლიან გაყიდვებში მცირე ზომის ბინების ყველაზე მაღალი წილი გუდაურს აქვს. ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,201-1,800).
2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 19.9%-იანი ზრდა,“- ვკითხულობთ კვლევაში.