„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
მათი ცნობით, ორგანიზაციის მიზანია, შექმნან მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც ამ დარღვევების თვალყურის დევნების შესაძლებლობას იძლევა.
ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით.
გთავაზობთ, ორგანიზაიის მიერ მოკვლეულ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას:
- ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის ბიძამ და მმართველი პარტიის შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციის, უკონკურენტოდ ტენდერებისა პირდაპირი შესყიდვების გზით.
- თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით. ზუმბურიძე 2010-2018 წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო პაპუაშვილი ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო. სულხან ზუმბურიძის ბიზნესპარტნიორებმა სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 195 000 ლარი შეწირეს.
- სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანია „ნეოსტარმა”, შვილობილ კომპანიებთან ერთად, 2011 წლიდან დღემდე 161 369 კვ. მ მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129 852 კვ. მ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად) და 53 661 137 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებია, ხოლო ეს კომპანიები დაკავშირებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროს ბადრი რომანაძესთან.
- 2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249 920 551 ლარი დახარჯა, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. დახარჯული თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მმართველი პარტიის ანგარიშზე 1 276 000 ლარი შეიტანეს.
იხილეთ სრულად: მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია