გერმანია ლტოლვილებისთვის ანაზღაურებას ამცირებს და სადებეტო ბარათებზე გადადის

გერმანიის მთავრობა მომავალი წლიდან ყველა ლტოლვილისთვის ფინანსურ ანაზღაურებას შეამცირებს და ნაღდი ფულის ნაცვლად სადებეტო ბარათებს გადასცემს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

კანცლერ ოლაფ შოლცი და 16 ფედერალური მიწის მთავრობის ხელმძღვანელები მიმდინარე კვირას გერმანიაში ლტოლვილთა პოლიტიკის შეცვლის მიზნით მთელ რიგ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ, რასაც შოლცმა „ისტორიულ მომენტი“ უწოდა.

ამჟამად თავშესაფრის განაცხადის განხილვას, საშუალოდ, 6-დან 18 თვემდე სჭირდება. აქამდე აპლიკანტები ქვეყანაში 18 თვის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ უფრო მაღალ შეღავათებს იღებდნენ. ახლა ეს ზღვარი 36 თვემდე გაიზრდება, მანამდე კი თვიური ანაზღაურება 410 ევრომდე (დაახლოებით, 440 დოლარამდე) შემცირდება. ამასთან, კომპენსირდება ისეთი შეღავათები, როგორიც არის კვება საზოგადოებრივ საცხოვრებელში.

ამჟამად, პირველად მიმღებ ცენტრებში მცხოვრები მოზრდილი პირები უფასო კვებით საცხოვრებლის მიხედვით სარგებლობენ და დამატებით, თვეში, მაქსიმუმ, 150 ევროს (დაახლოებით, 160 დოლარის) ჯიბის ფულს იღებენ პირადი საჭიროებისთვის, როგორიც არის სატელეფონო ან სამგზავრო ბარათები და ჰიგიენის საშუალებები. ეს „ჯიბის ფული“ კანონით არის დაფიქსირებული და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, მისი თვითნებურად შემცირება შეუძლებელია.

მომავალი წლიდან ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, ლტოლვილები სადებეტო ბარათს მიიღებენ, რომელზედაც სოციალური ორგანოები რეგულარულად ჩარიცხავენ შემწეობას და მისი გამოყენება სუპერმარკეტებში პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. თუმცა ბარათით ფულის განაღდება შეუძლებელი იქნება. ასეთი სადებეტო ბარათები სხვა ქვეყნებშიც, მაგალითაც, საფრანგეთში მოქმედებს. 2024 წლის დასაწყისიდან ნაღდი ფულიდან გადახდის ბარათებზე გადასვლის გზებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი დასახავს.

თუ აქამდე ფედერალური მიწების მთავრობებს ცენტრალურ მთავრობასთან ყოველწლიურად ხელახალი მოლაპარაკების გამართვა უწევდათ, თუ ვინ რამდენ ხარჯს გაიღებდა ლტოლვილთა მზრუნველობაზე, ამიერიდან ყოველ ლტოლვილზე წელიწადში ერთჯერადი ანაზღაურების სახით 7500 ევრო დაწესდა.

ცვლილებების გამოცხადების შემდეგ ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ამან შესაძლოა, 1 მლრდ ევროს დაზოგვა გამოიწვიოს.

„ეს არამარტო შეუმსუბუქებს ტვირთს ფედერალურ მიწებსა და მუნიციპალიტეტებს, არამედ შეამცირებს გერმანიის, როგორც მზრუნველი სახელმწიფოს მიმზიდველობას მიგრანტებისთვის,“ - წერს მინისტრი.

უცნობია, გავლენას მოახდენს თუ არა ეს ცვლილებები უკრაინელებზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში ემიგრაციაში წასულები არ ითვლებიან ლტოლვილებად და იღებენ იგივე სარგებელს, რაც გერმანიის მოქალაქეებს აქვთ. წელს თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში, ჯერჯერობით, 220,000 მიგრანტმა შეიტანა, ხოლო იმ 1 მლნ უკრაინელი ლტოლვილიდან, რომლებიც ომს გაექცნენ, უფრო და უფრო მეტი რეგისტრირდება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში განთავსებისთვის.

ამჟამად გერმანიაში, დაახლოებით, 250 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ. თუმცა მათგან 200 000-ის რეპატრიაცია შეუძლებელია, რადგან ან უკან მიღების მსურველი ქვეყანა არ არსებობს, ან მათი წარმოშობის ქვეყანა ომის ზონაა, ან თავად აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა მკურნალობა მათი წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია. ოქტომბრის ბოლოს ფედერალურმა მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი დეპორტაციის რაოდენობის გაზრდის შესახებ. თუმცა ქვეყნის უმეტეს ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ლტოლვილთა დიდი რაოდენობა ახლად ჩასული მიგრანტებისგან შედგება. გერმანიის მასშტაბით მერიები და რაიონული გამგეობები აცხადებენ, რომ აღარ იციან, სად დააბინავონ ლტოლვილები, რომლებიც მათ შორის ფიქსირებული განაწილების ფორმულის მიხედვით ნაწილდებიან.

ოქტომბერში გერმანიის 11000 მუნიციპალიტეტიდან 600-მა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელიც Mediendienst Integration-მა ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის მიგრაციის მკვლევარებთან ერთად ჩააატარა. მათგან, თითქმის, 60%-მა სიტუაცია აღწერა, როგორც „გამომწვევი, მაგრამ ჯერ კიდევ შესრულებადი.“ თუმცა მუნიციპალიტეტების 40% აცხადებს, რომ ისინი „გადატვირთული“ ან მეტიც, „საგანგებო რეჟიმში არიან.“ საცხოვრებლის ნაკლებობა მხოლოდ ერთი ფაქტორია. დეფიციტია, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალის, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ადგილების, ენის შემსწავლელი კურსებისა და ტრავმირებული ლტოლვილების საკონსულტაციო მომსახურების.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ