წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდება 60%-ზე მეტად, 24 მილიონ ლიტრამდე გაზარდა და პირველი ადგილი თავდაჯერებულად დაიკავა, მაშინ, როცა ისტორიულად რუსეთში ღვინის იმპორტის 50% იტალიიდან და ესპანეთიდან შედიოდა, მათ კი საფრანგეთი მოსდევდა. ამის შესახებ ღვინის აქსესუარებით მოვაჭრე კომპანია AddWine-ის დამფუძნებელი, იონ ობორაჩანუმ რუსულ Forbes-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ღვინის ლიდერობის მიზეზებს შორის არის ნულოვანი ბაჟი და ტერიტორიული სიახლოვე, რაც ლოგისტიკურ სირთულეებს გამორიცხავს.
„ამასთან, ქართულ ღვინოებს რუსეთში ყოველთვის აფასებდნენ. რუსები ამ რეგიონის სასმელების მიმართ მაღალ ნდობას ტრადიციულად დემონსტრირებენ, რადგან მტკიცე რწმენა აქვთ, რომ მხოლოდ ქართული ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინოები არის ჭეშმარიტად ნატურალური. ამდენად, მომხმარებლები ამ კატეგორიის სხვა, მათ შორის, რუსულ ღვინოებს ხშირად შანსს არ უტოვებენ,“ - აცხადებს ობორაჩანუ.
რუსი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ რუსეთის ღვინის ბაზარზე დროთა განმავლობაში სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს და მოულოდნელი მოთამაშეები გაჩნდნენ, როგორიც არის, მაგალითად, ჩინეთი.
„ჩინეთი ვენახების ფართობის მიხედვით დღეს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩინეთისა და რუსეთის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ჩინური ღვინის წილი ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება,“ - აცხადებს ობორაჩანუ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ