ეროვნულმა ბანკმა სს „ჰეშზე“ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სს „ჰეშის“ ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს, საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით განახორციელოს. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

„საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში ხელი შეუწყოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.

სს „ჰეშის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის განმავლობაში, მხოლოდ სატესტო რეჟიმით იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალური რეჟიმით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.