აფხაზეთს წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების დასაფარად, დაახლოებით, 900 მლნ რუბლი (10 მლნ დოლარი) დასჭირდება. ამის შესახებ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2016 წლიდან გრძელდება. ამასთან, 2020 წლიდან მიმდინარე წლამდე რუსეთიდან ეს ჰუმანიტარულ საფუძველზე ხდებოდა და აფხაზეთს მიწოდებაში საბიუჯეტო სახსრებიდან არაფერი გადაუხდია. თუმცა წელს ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო საფასური აფხაზეთმა, ოზგანის თქმით, დამოუკიდებლად უნდა გადაიხადოს. მისი მონაცემებით, „ელექტროენერგიის დეფიციტი მიმდინარე წელს შესაძლოა, დაახლოებით, 900 მლნ რუბლს (10 მლნ დოლარს) შეადგენდეს, საიდანაც აფხაზეთმა უკვე 135 მლნ რუბლი (1,5 მლნ დოლარი) გადაიხადა.“ ოზგანი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.
ბოლო წლებში, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, აფხაზეთში, როგორც წესი, ენერგორესურსების დეფიციტი ჩნდება, რასაც დე ფაქტო მთავარობა რუსეთიდან მიწოდებით აკომპენსირებს. აფხაზეთში ენერგიის დეფიციტს ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება, მათ შორის კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება და ენგურჰესის კაშხალში ყოველ ზამთარს წყლის დონის დაცემა იწვევს. ეს ერთადერთი ელექტროსადგურია, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს.
ახლახან აფხაზურ „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ნოემბრიდან აფხაზეთის დასავლეთ ნაწილი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, რის გამოც ენგურჰესიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი მარაგდება.
„ამით შესაძლებელი გახდა, ენგურჰესის კაშხალში წყლის დონე ზღვის დონიდან 423 მ-ზე შენარჩუნებულიყო და ის კრიტიკულ ზღვრამდე არ მისულიყო, რომ რუსეთიდან ელექტრონერგიის 100%-იანი მიწოდება არ გამხდარიყო საჭირო,“ - აცხადებს ქრისტინა ოზგანი.
მან უარყო ზოგიერთი აფხაზური მედიასაშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა უწყებამ გუშინ, დე ფაქტო პარლამენტში გამართულ სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფის სამჯერ გაზრდა მოითხოვა. ოზგანი განმარტავს, რომ 2022 წელს დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა, ელექტროენერგიის გადასახადი, ხუთწლიანი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში, ეტაპობრივად გაეზარდა, რომ მომხმარებლისთვის ხარჯის ტვირთი მინიმუმამდე დაეყვანა.
კერძოდ, აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფმა ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 2022 წლიდან 2026 წლამდე ეკონომიკურად გამართლებულ დონემდე უნდა მიაღწიოს. ტარიფები, რომელიც 2012 წლიდან არასდროს შეცვლილა, 2022 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის 1 კვტ/სთ-ზე 0,40-დან 0,70 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის და ინდმეწარმეებისთვის 0,80-დან 1,40 რუბლამდე გაიზარდა. შემდეგი ზრდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა, როცა ფიზიკური პირებისთვის 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 1,30 რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის კი 2 რუბლამდე გაძვირდა.
„მაშინ ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, დღეს ტარიფების 3-ჯერ გაზრდა მართლაც მოგვიწევდა,“ - აცხადებს ოზგანი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ