2025 წელს, მეტროს ვაგონების განახლების პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, საბურთალოს ხაზის შემადგენლობები გამოიცვლება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა განაცხადა, ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება, პირველ ეტაპზე, თუ რამდენი ვაგონი შემოვა, თუმცა 2025 წელს 2 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელიც რომ შეიცვალოს, კარგი დასაწყისი იქნება.
„დღეს გვაქვს 192 ვაგონი და მის ნაცვლად დაგეგმილია 212 ვაგონის შესყიდვა. არსებული შემადგენლობა სრულად, 15 წლის განმავლობაში შეიცვლება. ჩვენ 2017-2020 წლებში აღვადგინეთ 27 ვაგონი, რამაც მოგვცა საშუალება ხაზზე დამატებითი მატარებლები გაგვეშვა და პიკის საათებში ინტერვალი შეგვემცირებინა, ძირითად ხაზზე 2.5 წუთამდე და საბურთალოს ხაზზე 3 წუთამდე. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ხაზზე არსებული მატარებლების რაოდენობა არ შეგვეცვლება, პიკური დროებში დარჩება იგივე. თუმცა დაგეგმილია ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე 4-ის ნაცვლად, 5 ვაგონის გაშვება, რაც, ბუნებრივია, მგზავრთ გადაყვანის მოცულობას შეცვლის. გარდა ამისა, იქნება გამსვლელი ვაგონი, რაც მატარებლის ტევადობას გაზრდის. ჩვენს მატარებლებს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ექსპლუატაციის ვადა ეტაპობრივად ეწურებათ. 2025 წელს 2 მატარებელიც რომ შემოვიდეს, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. პირველ ეტაპზე, ვსაუბრობთ საბურთალოს ხაზის განახლებაზე, ეს არის 2 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელი. ეს არის ჩვენი სურვილი. ბაზრის კვლევის შედეგები დაგვანახებს საბოლოო სურათს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ვგეგმავთ საბურთალოს ხაზის შემადგენლობების განახლებას“,- განაცხადა გიორგი შარკოვმა.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.