„მეტროს ძირითად ხაზზე 5-ვაგონიანი მატარებლები იმოძრავებს, რომელსაც გადატიხრები აღარ ექნება“

„მეტროს ძირითად ხაზზე 5 ვაგონიანი მატარებლები იმოძრავებს, რომელსაც გადატიხრები აღარ ექნება,“ - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერის, თბილისის მერისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 212 ერთეული ვაგონის შესყიდვა იგეგმება, რაც ჯამში, 45 მატარებელია.

პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

„ძირითად ხაზზე (ვარკეთილი-ახმეტელი) დაემატება ვაგონების რაოდენობა - 5 ვაგონიანი იქნება და ესეც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს მომსახურებას. ამასთან, მათ არ ექნება შუაში გადატიხრები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლება გადაადგილება (ახალ ვაგონებს კარები აღარ ექნება და ე.წ. "გარმოშკით" იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული - ავტ.).

მომდევნო კვირაში უკვე გამოვაცხადებთ ბაზრის კვლევას და სწორედ ბაზრის კვლევის დროს გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი, როგორიცაა: ვაგონების ტექნიკური მახასიათებლები, მოწოდების ვადები და ა.შ.,“- აღნიშნა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას.

თაია არდოტელი