სულ უფრო მატულობს იმ მსხვილი კომპანიების რიცხვი, რომლებმაც გადაწყვიტეს დროებით შეწყვიტონ რეკლამა სოციალურ ქსელ X-ზე. მიზეზი მისი მესაკუთრის, ილონ მასკის მიერ ბოლო დროს ანტისემიტური პოსტების ხშირი მხარდაჭერაა.
სოციალურ ქსელ X-ზე სარეკლამო კამპანიები ისეთმა ბრენდებმა შეაჩერეს, როგორებიცაა Walt Disney, Warner Bros. Discovery, Paramount და Sony Pictures. ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს. ამჯერად კი მათ Apple-იც შეუერთდა.
მანამდე სოციალურ ქსელში რეკლამა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ IBM-მა, მედია კომპანია Lionsgate Entertainment-მა, სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-მა შეაჩერეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ილონ მასკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც ის წერდა, რომ ისრაელის ქმედებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს წარმოშობს.
”თქვენ რეალურად ამბობთ სიმართლეს”, - თქვა მან პუბლიკაციაზე. შემდეგ ბიზნესმენმა დაწერა ტვიტების სერია, რომელშიც მან გამოყო Anti-Defamation League, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ანტისემიტიზმს და ებრაელების მიმართ შეუწყნარებლობის სხვა ფორმებს და თქვა, რომ ის თეთრკანიანი ხალხის წინააღმდეგ რასიზმს უწყობს ხელს.
მასკის პოსტი თეთრმა სახლმაც დაგმო: აშშ-ის ადმინისტრაციის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა მას "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის ამაზრზენი პროპაგანდა" უწოდა.
თავად ბიზნესმენმა კი ამ ყველაფერზე განაცხადა, რომ სოციალური ქსელი X ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს აღძრავს.