თურქეთში მეორე საავტომობილო ბრენდი გამოჩნდება

თურქეთში ახალი ეროვნული საავტომობილო ბრენდი, Very გამოჩნდება. კომპანია ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2025 წელს დაიწყებს. ინფორმაციას თურქული გაზეთი, Dünya ავრცელებს.

კერძოდ, Very-ის ბრენდის ქვეშ L7-კლასის ელექტრომობილების (მძიმე კვადროციკლების) ხაზის წარმოება დაიწყება. ელექტრომობილის ორიგინალური დიზაინი ილდიზის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა, ხოლო ძრავა და ბატარეები საკუთარი წარმოებისაა.

ელექტრომობილი, სავარაუდოდ, 25 ათასი დოლარი ეღირება.

ელექტრომობილის შემქმნელები აცხადებენ, რომ ბატარეის მაქსიმალური სიმძლავრე 33 კილოვატ-საათი, ხოლო ერთი დამუხტვის დისტანცია, დაახლოებით, 300 კმ იქნება. ავტომობილების წარმოების ქარხანა ბურსას პროვინციის გემლიკის რაიონში აშენდება, სადაც, ასევე, პირველი თურქული საავტომობილო ბრენდ TOGG-ის საწარმო მდებარეობს.

პირველ ეტაპზე წელიწადში Very-ის 10 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმება, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს მიეწოდება.

პირველი თურქული საავტომობილი ბრენდ TOGG-ის წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო 2023 წლის 3 აპრილიდან გაყიდვაშია. იმავე დღეს მისი პირველი მფლობელი ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. 200 ცხენის ძალის ძრავის მქონე Togg T10X-ის ღირებულება 48,5 ათასიდან 63,9 ათას დოლარამდე მერყეობს. ევროპაში TOGG-ის ექსპორტს თურქეთი 2024 წელს დაიწყებს, ხოლო 2030 წლისთვის მილიონი ავტომობილის წარმოებას გეგმავს, რაც მთლიანობაში Togg-ის ხუთი მოდელისგან იქნება შემდგარი.

აღსანიშნავია, რომ პირველი თურქული ელექტრომობილის დათვალიერების შესაძლებლობა ქართველ ავტომოყვარულებსაც მიეცათ, როცა აგვისტოში თურქი ბიზნესმენი, ოქტაი ჩომაკი საქართველოში დასასვენებლად Togg-ით ჩამოვიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ