გერმანია ჩეხეთთან ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობას გეგმავს

გერმანიამ ქვეყნის ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის გეგმა გაასაჯაროვა, რომელიც ჩეხეთის საზღვრის გასწვრივ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ქედს, მადნიან მთებს გაივლის. ამის შესახებ გერმანიის რკინიგზის, Deutsche Bahn-ის განცხადებაში წერია, რასაც DPA ავრცელებს.

დაახლოებით, 30-კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბი გერმანიის ქალაქ ჰეიდენაუდან ჩეხეთის ქალაქ უსტი-ნად-ლაბემამდე აშენდება, რომელიც პრაღასა და დრეზდენს შორის მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Deutsche Bahn-ის განცხადებით, განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ კომპანიამ დაასკვნა, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნიკური მიზეზების გამო ერთი გრძელი გვირაბი საუკეთესო გამოსავალია.

ახალი სამშენებლო პროექტი ევროპის ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტად ითვლება, რადგან მდინარე ელბის ხეობაში გამავალი არსებული სარკინიგზო ხაზები გამტარუნარიანობის ლიმიტს უახლოვდება და პერიოდულად იტბორება კიდეც.

თუმცა ახალ გვირაბში პირველმა მატარებელმა შესაძლოა, 20 წლის შემდეგ გაიაროს, რადგან Deutsche Bahn-ის ამჟამინდელი გეგმით, მშენებლობა, დაახლოებით, 2032 წელს უნდა დაიწყოს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს, სავარაუდოდ, 12 წელი დასჭირდება.

პრაღასა და დრეზდენს შორის მგზავრობა, რომელსაც ამჟამად, დაახლოებით, 2,5 საათი სჭირდება, ახალ მარშრუტზე ერთ საათამდე შემცირდება. სარკინიგზო ხაზი, ასევე, ბერლინიდან ან ჰამბურგიდან ვენაში, ბრატისლავასა თუ ბუდაპეშტში მიმავალი მგზავრების დროს შეამცირებს.

ამასთან, ახალი გვირაბი გერმანიის პორტებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ბალტიისპირეთიდან სტამბოლ-ათენამდე გადებული ფართო ევროპული სარკინიგზო დერეფნის ნაწილია.

საქსონიაში Deutsche Bahn-ის წარმომადგენელი, მარტინ ვალდენი აცხადებს, რომ პროექტი, ასევე, გერმანიასა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზებზე სატვირთო მიმოსვლას გაზრდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ