მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 212.3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, საქართველოში 262.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
შემცირება განსაკუთრებით მასშტაბურია, ამ დრომდე ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი რუსეთისგან ნაყიდ ნავთობში. 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. ამან ცხადია, შეამცირა იმპორტი საქართველოში.
კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 42.8%-ით ნაკლები ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. დეტალური სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:
2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველომ რუსეთისგან 157.8 მლნ აშშ დოლარის 163 705 ტონა ნავთობი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 67.6 მლნ აშშ დოლარის 81 608 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციამდე რუსული ნავთობის წილი ქართულ ბაზარზე 62.3%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის სექტემბერ ოქტომბერში კი, ანუ მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდა, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე 31.8%-ია.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში აკრძალვა დიზელის საწვავის ექსპორტზეც გააუქმოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა ფედერაციის საბჭოში „სამთავრობო საათზე“ განაცხადა. რთული სათქმელია, როგორ შეიცვლება არსებული ბალანსი რეგულაციის გაუქმების შემდეგ.
იხილეთ ასევე: რუსეთი ბენზინის შემდეგ აკრძალვას დიზელის ექსპორტზეც აუქმებს