ისტორია “შავი პარასკევის“ მიღმა - როგორ იქცა კრიზისის აღმნიშვნელი ტერმინი ერთგვარ დღესასწაულად

“შავი პარასკევის“ კვირეული დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლის განსაკუთრებულ პერიოდად ითვლება, როდესაც ტექნიკის, ტანისამოსის თუ სხვა სასურველი ნივთების შეძენა 70%-იანი და მეტი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

მოსახლეობის ნაწილი “შავი პარასკევისთვის“ განსაკუთრებულად ემზადება, მთელი წელი აგროვებს ფულს ან, მაგალითად, აშშ-ში სასურველ მაღაზიებთან რიგს წინა დღით იკავებენ - ეს არის გარანტი იმისა, რომ ძვირფას ბრენდს მეათედ ფასად შეიძენენ.

თუმცა საინტერესოა, სინამდვილეში რა ისტორია იმალება ამ ცნობილი სლოგანის მიღმა, საიდან და როგორ დამკვიდრდა “შავი პარასკევი"?

ისტორია

“შავი პარასკევი“ არის დღე, რომელიც შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს მოსდევს.

ზოგადად, ეს კონკრეტული დღე განიხილება, როგორც საშობაო სავაჭრო სეზონის დასაწყისი. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში “შავი პარასკევი“ შესაძლოა, ცოტა ადრე დაიწყოს და უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოიცვას. მისი არსი კი პროდუქციის მასიური „ჩამოფასებაა“.

ისტორიის მიხედვით, ტერმინი "შავი პარასკევი“ პირველად არა სადღესასწაულო შოპინგს, არამედ ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა.

1869 წლის 24 სექტემბერს, აშშ-მ ოქროს ბაზრის იქამდე არნახული კრახი განიცადა. ეს გამოიწვია უოლ სტრიტის ორი ცნობილი ფინანსისტის, ჯეი გოლდისა და ჯიმ ფისკის ერთობლივმა ჩანაფიქრმა. იმ გათვლებით, რომ მომავალში ფასი აიწევდა და დიდი მოგებით გაყიდდნენ, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ოქრო შეეძინათ. სწორედ პარასკევ დღეს, შეთქმულება საბოლოოდ შესრულდა, საფონდო ბირჟა დაეცა და უოლ სტრიტის “მგლებიდან“ დაწყებული, ფერმერებით დამთავრებული, ყველა გაკოტრდა.

არსებობს კიდევ ერთი მითი “შავი პარასკევის“ შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, არაოფიციალურია. ამბის მიხედვით, ჯერ კიდევ 1800-იან წლებში პლანტაციების მფლობელებს “მადლიერების დღის“ მეორე დღეს მონების შეძენა დიდი ფასდაკლებით შეეძლოთ.

რას შეეხება უშუალოდ ტერმინს, პირველად “შავი პარასკევი“ 1950-იან წლებში, პოლიციამ იმ ქაოსის აღსაწერად გამოიყენა, რომელიც “მადლიერების დღის“ მეორე დღეს, ფილადელფიაში არსებობდა. მაშინ, Army-Navy”-ს დიდი ფეხბურთის მატჩის წინ ტურისტების დიდი ნაკადი შევიდა და საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი ბრენდები მათ მომსახურებას ვეღარ აუდიოდნენ. გასაკონტროლებელი იყო ქუჩებში არსებული სიტუაციაც. გადავსებული საცობების გამო, პოლიციელებმა არა მხოლოდ ვერ შეძლეს დასვენების დღე აეღოთ, არამედ მათ გრძელ ცვლებში მუშაობაც მოუწიათ. სიტუაციას დაერთო მძარცველების აქტიურობაც.

1961 წელს "შავი პარასკევის” შეცვლას ცდილობდნენ ტერმინით- “დიდი პარასკევი”, რადგან თვლიდნენ, რომ სლოგანი ნეგატივთან ასოცირდებოდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში “შავი პარასკევი“ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დამკვიდრდა და მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ეს პერიოდი ნამდვილად პოზიტიური ცვლილებების მომტანია.

თეონა რამაზაშვილი