ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა - ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც საიმედო პარტნიორია.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, ის მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სამხრეთ კავკასიის გავლით ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 16%-ით გაიზარდა, წელს სავაჭრო ბრუნვა 10 თვეში, ასევე 16%-ით არის გაზრდილი და 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან 50%-ით გაიზარდა, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა, უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.
ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი წელსაც შენარჩუნებულია, მიმდინარე პერიოდში 7%-იანი ზრდა გვაქვს. ინფლაცია ძალიან დაბალი- 1 პროცენტზე ნაკლებია.
მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 8,000 აშშ დოლარზე მეტი იქნება, რაც ბოლო სამ წელიწადში ამ პარამეტრის გაორმაგებაა. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი.
გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.