მათგან („როსსელხოზნადზორი“) არავითარი ცნობა არ მიგვიღია, რომ ჩვენს საწარმოებში აუდიტის ჩატარება სურთ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. საქმე ეხება მოსკოვის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მეღვინეობის უცხოური საწარმოების აუდიტს იწყებს, რომ იმ ქვეყნების წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს, საიდანაც მათთან სასმელი შედის.
ცნობისათვის, აუდიტის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორი“ ამგვარი კონტროლის დასაწყებად მთელ რიგ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კერძოდ, უწყებამ 21 ქვეყნის მეღვინეობის სფეროს სამსახურებს ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი უკვე დაუგზავნა, რომლის გაფორმების შემდეგაც რუსი სპეციალისტები ამ ქვეყნებში საწარმოების აუდიტს ჩაატარებენ. ეს ქვეყნები რუსეთისთვის მიწოდებული ღვინის 90%-ს აწარმოებენ. სავარაუდოდ, ამ 21 ქვეყნის სიაში საქართველოც არის, რადგან ფედერალური საბაჟო სამსახურის იანვარ-ოქტომბრის იმპორტის მონაცემებით, უცხოური მიწოდების ტოპ ხუთეულში იტალია, საქართველო, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალიაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული მხრიდან არავის მოუმართავს. ქართულ ღვინო კი, ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს და შესაბამისად, შეუძლებელია ხარისხის პრობლემა შეექმნას სხვა, ნებისმიერ ქვეყენაში.
„მოგეხსენებათ, რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს. მათგან არავითარი ცნობა არ მიგვიღია, რომ ჩვენს საწარმოებში აუდიტის ჩატარება სურთ. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინშნოს, რომ ქართული ღვინო მოფლიოს 60-ზე მეტ, მათ შორის ევროკავშრის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ში იყიდება, სადაც სტანდარტს კონტროლს უდიდესი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დანამდვილებით შეგვილია ვთქვათ, რომ ჩვენ, უმაღლესი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ და გაგვაქვს ექსპორტზე", - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუს“ სოფლის მურნეობის სამინისტროში.
მათივე თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ამ მიზნით მსოფლიოს წამყვან არხებზე საიმიჯო კლიპებიც გადის.
ცნობისთვის, ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წელსაც რუსეთია, რომელსაც მთლიან ექსპორტში 2023 წლის 10 თვეში 66%-იანი წილი უჭირავს.
2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 217.3 მლნ აშშ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა. აქედან, 144 მლნ აშშ დოლარის 53 547 ტონა რუსეთში.