ოქროს ფასმა უნციაზე 2 048 დოლარს გადააჭარბა და 6-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, ერთთვიან ჭრილში ფასი 3%-ით, 6 თვეში 4.3%-ით, ერთ წელში კი, 15.2%-ით გაიზარდა. როგორც Financial Times-ი წერს, ძვირფასი ლითონის ღირებულების მუდმივი ზრდა გამოწვეულია აშშ დოლარის შესუსტებით ინვესტორების ნდობის გაზრდის გამო, რომ ფედერალურმა რეზერვმა დაასრულა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს ოქრო საქართველოში.
„ფასი ცხადია, მომატებულია. დღეს და გუშინ არ დაწყებულა ეს. ბოლო თვეები სულ ძვირდება და ყველა ახალი პარტია მომატებული ფასით შემოდის. რა თქმა უნდა, მყიდველზეც აისახება ეს და მოთხოვნაზეც, მაგრამ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 170 ლარზე ნაკლებად ფიზიკურად ვერ გაყიდი" - ამბობენ ოქროს ბირჟაზე.
ფასის მატებას ადასტურებს ოქროს ცენტრალურ ბირჟაზე კიდევ ერთი მოვაჭრე, ეთერ კუკულავა.
„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენით მაგრამ ფასები გაზრდილია. დღეის მდგომარეობით, ბოლო თვეში ფასი 3%-ზე მეტით არ გაზრდილა, მაგრამ წელს, ნელ-ნელა სულ იზრდება", - განაცხადა მან ,,ბიზნესპრესნიუსთან".
ბირჟაზე კიდევ ერთი მსხვილი მოვაჭრე ნინო ჩიხელაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ ფასების მატება ბირჟაზე განსაკუთრებულად ბოლო დღეებში აისახა.
„ბოლო დღეებში ნამდვილად უფრო მეტად აისახა ჩვენთან, მსოფლიო ბირჟებზე ფასის მატება. კერძოდ, უკანასკნელი მონაცემებით, 585 სინჯის ოქროს ფასი 120 ლარია, ე.წ. წმინდა ოქროს 999 სინჯი კი 180 ლარიდან იწყება. ვგულისხმობ ნედლ პროდუქტს და არა გადამუშავებულ ნაკეთობებს", - განაცხადა ჩიხელაძემ.
შეგახსენებთ, წინა წელთან შედარებით, ოქროს საერთაშორისო ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, 2022 წლის განმავლობაში ის ძირითადად 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით გასული წლის დასაწყისს, როცა რუსეთ უკრაინის ომის დაწყების გამო, გარკვეული პერიოდი, ოქროს ფასი 2000 დოლარს გადასცდა. ბოლო წლების მაქსიმუმი კი პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც 2020 წელს, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა.