„გავაკვირვეთ მთელი მსოფლიო - ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები იპოვეს, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია“

„გავაკვირვეთ მთელი მსოფლიო - ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები იპოვეს, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე გახსნა სანერგე მეურნეობა, სადაც ქართული ზეთისხილი გამოჰყავთ.

„10 წლის წინ პირველი ხე რომ დავრგეთ, სულ 8 ჰექტარი იყო, დღეის მდგომარეობით მილიონზე მეტი ზეთისხილის ნერგი გვაქვს დარგული საქართველოში და თითქმის 2 500 ჰექტარზე მეტზე არის გაშენებული. ვგულისხმობ, საერთო მასშტაბს და არა მხოლოდ საკუთარ პლანტაციებს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ საქართველოში ეს დარგი განვითარებულიყო და ზუსტად ამას მივაღწიეთ.

საქართველოში პირველი ნერგები თურქეთიდან შემოვიტანეთ, ახლა უკვე ესპანეთიდანაც, მაროკოდან შემოგვაქვს, ასევე ვაწარმოებთ ადგილობრივ ნერგებსაც. გარდა ამისა, აღდგომის პერიოდში ჩავედით გეთსამანიის ბაღში (სადაც მახარობლების თხრობის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმის წინანდელი ღამე გაატარა) და იქიდან წამოვიღეთ მრავალსაუკუნოვანი ხეების ნერგები, ასევე გვაქვს ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოტანილი ნერგები, რომლებსაც ვზრდით და გამოგვყავს ჩვენ სანერგე მეურნეობაში.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს და კლიმატს, ზეთისხილის ნერგები კარგად ხარობს იმერეთშიც, ქართლშიც, კახეთში განსაკუთრებით. უხდება მშრალი კლიმატი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ რეგიონებს შორის მოყვანილი ზეთისხილიც განსხვავდება გემოვნებით, სხვადასხვა ადგილში გაზრდილ ზეთისხილის ზეთსაც სხვადასხვა გემოვნური თვისებები აქვს. ყვავილობის დროს იმ ყვავილების, მცენარეების, არომატს იღებს და ამითი გავაკვირვეთ მთელი მსოფლიოც - ისეთი ახალი არომატები იპოვეს ქართულ ზეთისხილში, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია,“- აღნიშნა სვანიძემ.

თაია არდოტელი