პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს რამდენიმე წევრი გარიცხა, მათ შორის არის ადვოკატი შოთა გორგაძე. ინფორმაციას რუსული Forbes-ი ავრცელებს.
კრემლის ვებ-გვერდის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა განკარგულებას პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საბჭოდან ასევე გამოირიცხნენ საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე მუკომოლოვი, ჟურნალისტი ლეონიდ ნიკიტინსკი და იურიდიული ექსპერტი მარა პოლიაკოვა.
პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შემადგენლობა საბჭოს წევრებთან ყოველწლიური შეხვედრის წინა დღეს შეცვალა, რომელიც ტრადიციულად დეკემბრის დასაწყისში იმართება. წელს ასეთი შეხვედრა 5 დეკემბერს, შესაძლოა, ონლაინ ფორმატში გაიმართოს.
რაც შეეხება შოთა გორგაძეს, მის შესახებ რუსულ მედიაში ინფორმაცია მისსავე ოფიციალურ ვებ-გვერდზე, gorgadze.ru იძებნება. იგი 1976 წელს დაიბადა. ადვოკატურით კი 2002 წლიდან არის დაკავებული და თავისი კლიენტების ინტერესებს არამარტო მოსკოვში, არამედ რუსეთის სხვა ქალაქებშიც იცავს. მის კლიენტებს შორის ხშირად არიან ცნობილი სახეებიც.
კონსულტაცია გორგაძესთან 100 დოლარზე მეტი ღირს, ხოლო ჰონორარი საქმეში მისი სირთულიდან გამომდინარეობს.
ადამიანის უფლებათა საბჭოში გორგაძე 2014 წლიდან მუშაობდა.