ვინ არის ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი, რომელსაც დირექტორთა საბჭო ვერ მოერია

ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მა 17 ნოემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში სამი გენერალური დირექტორი გამოიცვალა, ვიდრე საბოლოოდ გამოაცხადებდა, რომ სემ ალტმანი, რომელიც დირექტორთა საბჭომ 17 ნოემბერს გაათავისუფლა, თანამდებობაზე აღადგინეს. მედიამ ტელესერიალის მსგავსი ეს მოვლენა ბატონი ალტმანის „მენეჯერული შესაძლებლობების იდეალურ ილუსტრაციად“ შეაფასა.

ვინ არის სემ ალტმანი, რომელმაც მსოფლიოს ChatGPT აჩუქა?!

ალტმანის „პირმშო“

ChatGPT-ს (Generative Pre-trained Transformer), ანუ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტს დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეკითხვის მხარდაჭერა შეუძლია. სისტემა სხვადასხვა სფეროს საკითხებზე კითხვებს პასუხობს და სხვადასხვა ენაზე ქმნის ტექსტებს. ამასთან, მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროგრამირების სხვადასხვა ენაზე მოთხოვნილი პროგრამების გენერირების შესაძლებლობა.

ChatGPT 2022 წლის 30 ნოემბერს ჩაეშვა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში Reuters შვეიცარულ ჰოლდინგ UBS-ზე დაყრდნობით წერდა, რომ 2 თვეში ჩატბოტის აქტიური მომხმარებლების აუდიტორიამ 100 მლნ ადამიანს მიაღწია. ამით აპლიკაციამ ვიზიტორების ზრდის ისტორიული რეკორდი მოხსნა. ამასთან, ამავე წლის იანვრის ბოლოს Microsoft-მა ლაბორატორია OpenAI-ში მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. Microsoft-მა მაშინ კონკრეტული თანხა არ დაასახელა, თუმცა Bloomberg-მა გაარკვია, რომ ეს შესაძლოა, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარი ყოფილიყო.

მილიონერი გიკი

გიკებად (Geek) თანამედროვე ტექნოლოგიებით, კერძოდ, კომპიუტერებითა და გაჯეტებით გატაცებულ ადამიანებს მოიხსენიებენ. სემ ალტმანიც გიკია. ბავშვობიდან მისი კერპი სტივ ჯობსი იყო. რვა წლის ასაკში სემს თავისი პირველი კომპიუტერი, Apple Macintosh აჩუქეს. როგორც ყველა გიკი, ის არასდროს ყოფილა კომუნიკაბელური, ოღონდ, არა შიშის ან მორცხვობის გამო, არამედ ადამიანების დიდი უმრავლესობა მისთვის, უბრალოდ, უინტერესოა. ამას დღემდე ვერ მალავს, თუმცა არც ცდილბს, რომ დამალოს.

სემმა, რომელიც მდიდარი ებრაული ოჯახიდანაა, ბრწყინვალე განათლება მიიღო. მან ჯონ ბეროუზის სკოლა დაამთავრა, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ სკოლის კურსდამთავრებული ათობით ცნობილი ამერიკელია, მათ შორის, კინოვარსკვლავები, ბიზნესმენები და სპორტსმენები. სემმა სწავლა სტენფორდში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გააგრძელა.

მისი კერპის, სტივ ჯობსის მსგავსად, სემმა გადაწყვიტა, რომ უმაღლესი განათლება, უბრალოდ, არ სჭირდებოდა და ორწლიანი სწავლის შემდეგ მან სტენფორდი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად დატოვა.

ალტმანის პირველი პროექტი მობილური აპლიკაცია, Loopt იყო, რომელიც მან 2005 წელს ორ ყოფილ კლასელთან ერთად შექმნა. პროექტი წარმატებულად ითვლება, რადგან იყო ერთ-ერთი პირველი რვა სტარტაპიდან, რომელმაც, მართალია, მოკრძალებული (6 ათასი დოლარის), მაგრამ დაფინანსება მიიღო. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: მთლიანობაში, სემ ალტმანის სტარტაპმა ინვესტორებისგან 30 მლნ დოლარზე მეტი მიიზიდა, ხოლო 2012 წელს მან 43,4 მლნ დოლარად ბიზნესი, Green Dot Corporation იყიდა. აქედან 5 მლნ დოლარი პირადად სემს დარჩა და 26 წლის გიკი მილიონერი გახდა.

ფულის ტექნოლოგიები

Loopt-ის წარმატებული გაყიდვის შემდეგ ალტმანმა ფულზე გაამახვილა ყურადღება. მან ვენჩურული (სარისკო კაპიტალის) ფონდი, Hydrazine Capital შექმნა. სემმა მასში, თითქმის, მთელი თანხა ჩადო, რომელიც Loopt-ის გაყიდვიდან მიიღო. ამასთან, PayPal-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პიტერ ტიელმა გადაწყვიტა, სემის ახალ იდეაში ინვესტიცია ჩაედო. მთლიანობაში, Hydrazine-მა პირველი ინვესტიციის რაუნდში 21 მლნ დოლარი მიიზიდა. რამდენიმე წლის წინ სემ ალტმანმა განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის, ფონდის ღირებულება, თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით, ათჯერ გაიზარდა. თუმცა თანხის ოდენობა მას არასდროს დაუკონკრეტებია.

სემი არც მისი სიმდიდრის შესახებ ამჟღავნებს ინფორმაცაიას. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ ალტმანი რამდენიმე სპორტულ მანქანასა და სან-ფრანცისკოში, Russian Hill-ზე მდებარე 27 მლნ დოლარის ღირებულების სასახლეს პირადად ფლობს.

2014 წელს ალტმანი აქსელერატორ Y Combinator-ის (YC) პრეზიდენტი გახდა, რომელთანაც მანამდე პარტნიორობდა. სწრედ YC-მა დააფინანსა 6 000 დოლარით სემის პირველი სტარტაპი. YC-ის პეზიდენტობა სემისთვის მსხვილ კომპანიაში პირველი სამუშაო ადგილი კი არ იყო მხოლოდ, არამედ გახდა შესაძლებლობა, სილიკონის ველის ყველა გამოჩენილი სახე გაეცნო... და მან ამ შესაძლებლობით ისარგებლა.

OpenAI

სემ ალტმანი YC-ის მართლაც ბრწყინვალე ხელმძღვანელი გახდა. მის დროს კომპანიამ სწრაფად დაიწყო გაფართოება და Y Combinator რამდენიმე წელიწადში YC Group-ად გადაიქცა, რომელიც როგორც თავდაპირველ, ისე ახალ ვენჩურულ ფონდ YC Continuity-ს მოიცავდა. ის უფრო მომწიფებულ კომპანიებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ზრდის ეტაპზე არიან. ჯგუფში, ასევე, შედის კვლევითი ლაბორატორია, YC Research, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციად არის გაფორმებული.

მხოლოდ YC Group-ში მუშაობითა და საკუთარი ფონდიდან შემოსავლის მიღებით სემი არასდროს დაკმაყოფილებულა. ჯერ კიდევ 2015 წელს მან მეწარმეთა მართლაც ვარსკვლავური გუნდი შეკრიბა ახალი კომპანიის შესაქმნელად, რომელიც მოწინავე ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლიდა და შექმნიდა.

კომპანიას OpenAI ეწოდა. მისი დამფუძნებლები, სემ ალტმანთან ერთად, იყვნენ გრეგ ბროკმანი, ილონ მასკი, ჯესიკა ლივინგსტონი და პიტერ ტიელი, ასევე, კომპანიები, Microsoft, Amazon Web Services, Infosys და YC Research. კომპანიის სასტარტო კაპიტალმა, რომელიც, ასევე, არაკომერციულ ორგანიზაციად არის დარეგისტრირებული, 1 მლრდ დოლარი შეადგინა. დროთა განმავლობაში სემი ამ კონკრეტულ პროექტს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, რის გამოც 2019 წლის მარტში მან YC დატოვა.

იმავე წელს ალტმანი აცხადებდა, რომ „წარმოდგენა არ ჰქონდა,“ თუ როგორ მოუტანდა მას ფულს OpenAI-ი. თუმცა რამდენიმე თვეში, როგორც კი კომპანიას პირველი პერსპექტიული პროექტები გაუჩნდა, მისი ფართომასშტაბიანი რეფორმირება დაიწყო. კერძოდ, შეიქმნა კომერციული სტრუქტურა, OpenAI LP, რომელსაც არაკომერციული OpenAI აკონტროლებს. ახალ სტრუქტურას სწორედ სემ ალტმანი ჩაუდგა სათავეში. კომერციული სტრუქტურის შექმნის ოფიციალურ მიზეზად ხელოვნური ინტელექტის ძვირად ღირებული კვლევებისთვის სახსრების მიზიდვის აუცილებლობა დასახელდა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც სემ ალტმანი კომერცილ OpenAI-ს ხელმძღვანელობს, კომპანიამ 10 მლრდ დოლარი მხოლოდ Microsoft-ისგან მიიღო, რომელიც OpenAI LP-ის 49%-იან წილს ფლობს. მეორე უმსხვილესი აქციონერი საინვესტიციო ფონდი, Thrive Capital-ია, რომელიც მიმდინარე თვეში კომპანიის თანამშრომლებისგან აქციების გამოსყიდვის ხელშეკრულებას ხურავს. ამის შემდეგ OpenAI-ის სავარაუდო ღირებულება ამჟამინდელი 27 მილიარდიდან 86 მლრდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

ეს ყველაფერი ChatGPT-ის წარმატების შედეგია, რომლის ბიზნესებისთვის მიყიდვაც ბატონმა ალტმანმა ჯერ კიდევ ჩატბოტის საჯარო ჩაშვებამდე დაიწყო. მართალია, თავიდან ChatGPT ფართო აუდიტორიას უფასოდ მიეწოდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, მისი განვითარების საფუძველზე, ჩატბოტს სულ უფრო და უფრო მეტი ფასიანი სერვისი გაუჩნდა. შედეგად, არაკომერციული კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციად გადაიქცა მილიარდობით ინვესტიციითა და მილიარდობით დოლარის პოტენციური შემოსავლით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ