ტრანსანატოლიის გაზსადენით (Trans-Anatolian Natural Gas Pipeline-TANAP) მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე, დაახლოებით, 55 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადაიქაჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
შაჰდენიზის საბადოს განვითარების მეორე ეტაპის ფარგლებში, თურქეთს მილსადენით, დაახლოებით, 6 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი, დანარჩენი მოცულობა კი ევროპას მიეწოდება.
TANAP თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს სათავეს და საბერძნეთის საზღვართნ, ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონში ტრანსადრიატიკის მილსადენს (Trans Adriatic Pipeline-TAP) უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი შაჰდენიზ 2-ის საბადოდან ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. TAP-ით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის მომხმარებლებისთვის 2020 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან რუმინეთში დაიწყო.
TANAP-ის მთლიანი სიგრძე 1850 კილომეტრია, ხოლო გაზსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა მომავალში მას სიმძლავრის 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. კერძოდ, აპრილის დასაწყისში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში გაზსადენის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
TANAP-ის სიმძლავრის 16 მილიარდიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა ერთი თვით ადრე, მარტში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმაც დააანონსა. მეტიც, ალიევის თქმით, გაორმაგდება TAP-ის გამტარუნარიანობაც, რაც არსებული 10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
TANAP-ის ჯამური ღირებულება, თითქმის, 7 მლრდ დოლარია.
TANAP-ის აქციონერები არიან: სს „გაზის სამხრეთ დერეფანი“ - 51%, SOCAR Türkiye Energy – 7%, BOTAS – 30% და bp – 12%.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ