ბოსტნეულით ვაჭრობის მიმართულებით არსებული პერიოდული შეზღუდვების გამო, east fruit-მა გადაწყვიტა, მოემზადებინა ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული კვლევა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. მათივე ცნობით, რეიტინგი რისკების გაანალიზებაში დაეხმარება იმ ფერმერებსა თუ ინვესტორებს, რომლებიც გაფართოებას, ინვესტირებას, ან უბრალოდ, ბაზრების დივერსიფიცირებას გეგმავენ.
რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:
აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შედის მხოლოდ ის ქვეყნები, რომლის შიდა ბაზრებზე East fruit-ის მკვლევარებს ხელი მიუწვდებათ. კერძოდ, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, ბელარუსი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.
რეიტინგში გამოყენებულია ადგილობრივი სტატისტიკაც, ასევე, ბოსტნეულისა და ხილის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვის საფუძველზე, დარგის სპეციალისტების შეფასებები.
შედეგების მიხედვით, ერთხმად აღიარებულია, რომ რუსეთი ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორია. როგორც გამოცემა წერს, ეს გასაკვირი არც არის, რადგან რეგიონში არ დარჩენილა ქვეყანა, რომლის მიმართაც ვაჭრობის კუთხით რუსეთს აკრძალვები და ემბარგო პოლიტიკური მიზეზით არ გამოუყენებია.
ამასთან, ქვეყანას აქვს მაღალი საბაჟო გადასახადები, კორუფციის ტრადიციულად მაღალი დონე და არასატარიფო შეზღუდვების დიდი რაოდენობა.
ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, მეორე ადგილზე მოიაზრებოდა 4 ქვეყანა, პოლონეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და ბელარუსი. თუმცა, მცირედი სხვაობით, პოლონეთი გახდა მეორე ადგილის მფლობელი. აქ ერთ-ერთი გადამწყვეტი კორუფციის მაღალი დონე და ევროკავშირის კანონმდებლობის იგნორირება გახდა. კერძოდ, პოლონეთმა არაერთხელ დაუწესა უკრაინას აკრძალვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე, ყოველგვარი ახსნის გარეშე. მაშინ, როდესაც ევროკავშირს ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი სავაჭრო პოლიტიკა აქვს. გარდა ამისა, პოლონეთი აქტიურად ეხმარება რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ, სასაზღვრო გამშვები პუნქტების უკანონო ბლოკირებით, უკრაინას დიდი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.
მესამე ადგილზეა თურქეთი, რომელსაც საკუთარი ბაზრის დაცვის მაღალი დონე აქვს. ხშირად აწესებს აკრძალვებს კონკრეტული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტზე, რაც აფერხებს სხვა ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას.
მეოთხეა ტაჯიკეთი, სადაც მთავარი რისკ-ფაქტორი საბაჟო კორუფციის დონეა. შედარებით უკეთესი ვითარებაა ამ მხრივ ბელარუსში, თუმცა ზოგადად, პრობლემები იგივეა, რის გამოც, ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესით დაინტერესებულთათვის საიმედო პარტნიორად ვერ ჩაითვლება.
მეექვსე ადგილს იკავებს უზბეკეთი. როგორც გამოცემა წერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ამ მიმართულებით გაუმჯობესება აქვს და მუდმივად ცდილობს გახსნას ახალი ბაზრები, თუმცა საერთო სურათს აფუჭებს ექსპორტზე პერიოდული აკრძალვები და ასევე, რიგ საქონელზე გადასახადების მხოლოდ დროებითი ანულირება.
აღნიშნულ რეიტინგში კიდევ ორი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი მოხვდა, რომლებმაც საკუთარი რეპუტაცია უკრაინიდან იმპორტის სრულიად დაუსაბუთებელი აკრძალვით შელახეს.
მეცხრე ადგილი ეკუთვნის რუმინეთს, მას იგივე პრობლემა აქვს, რაც სხვა ევროკავშირის წევრს, მაღალი სატარიფო გადასახადი, თუმცა მას შეუძლია შედეგების გაუმჯობესება, ახლახან დაწესებული კორუფციის და არასატარიფო აკრძალვების მიმართულებით რეგულაციებით.
უკრაინა რეიტინგში მეათეა. მის ძირითად პრობლემად მიჩნეულია კორუფციის დონე და საბაჟო პროცედურების შენელება. თუმცა სხვა ასპექტებში ქვეყანა ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები.
მოლდოვა მეთერთმეტე ადგილზეა, სადაც ვითარება სულ უფრო უმჯობესდება, სხვადასხვა ხელოვნური შეზღუდვების რაოდენობა კი მცირდება.
აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ყველაზე კარგ სავაჭრო პარტნიორადაა მიჩნეული. როგორც გამოცემა წერს, აქ ვაჭრობის სრული ლიბერალიზაციაა, ამასთან, არის დაბალი გადასახადები. იმპორტ/ექსპორტზე აკრძალვების და კორუფციის დაბალი დონე, რაც მას კარგ სავაჭრო პარტნიორად აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარი მცირე ზომისაა.