დუბაიში გამართულ COP28 კლიმატის კონფერენციაზე ძალიან ბევრ ნეგატიურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასა და ზოგადად, ნავთობის ხმარებიდან ამოღებაზეც. ერთადერთი პოზიტიური საკითხი, რამაც შეხვედრაზე გაიჟღერა, იყო ელექტრომობილების მზარდი წარმოების შესახებ საუბარი, რომლის მეშვეობითაც რეალურად შეიძლება გლობალური დათბობის პროცესების შეჩერება.
ინდუსტრიის ექსპერტთა აზრით, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდამ ბოლო წლებში დააჩქარა ნავთობის ეპოქის დასასრულის მოახლოება. პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო, IEA, ელოდება, რომ მსოფლიოს ნავთობით ყველაზე მდიდარ 29 ქვეყანაში წიაღის მოხმარება პიკს მიაღწევს. სხვადასხვა ვარაუდების მიხედვით, 2030 წლისთვის, ნავთობის მოხმარება დღეში 103 მილიონ ბარელს მიაღწევს, 2040 წელს კი იგი პიკში იქნება 105 მილიონი ბარელით.
IEA-ს წარმომადგენელმა, აპოსტოლოს პეტროპულოსმა განაცხადა, რომ ელექტრო მანქანებზე გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობზე მოთხოვნას სატრანსპორტო სექტორში. სატრანსპორტო სექტორი კი თავის მხრივ, ზუსტად ის მიზეზი იყო, თუ რატომ იზრდებოდა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა.
მსოფლიოში არსებული ნავთობის 60%-ს ავტომობილები მოიხმარენ. შეერთებული შტატები, IEA-ს მონაცემებით, მსოფლიო ნავთობის 10%-ს მოიხმარს. ექსპერტთა აზრით, ეს რიცხვები საგრძნობლად უნდა შემცირდეს და ელექტრომანქანებმა, 2030 წლისთვის, მსოფლიო ნავთობის მოთხოვნილება დღეში დაახლოებით 5 მილიონი ბარელით უნდა შეამციროს.
მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილების გაყიდვები, მანქანების გაყიდვების 13%-ს შეადგენს, მაგრამ 2030 წლისთვის, IEA-ს პროგნოზის მიხედვით, ეს რიცხვი 40%-45%-მდე გაიზრდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად აშშ-ში ელექტრომობილების საშუალო ფასი 53 000 დოლარზე მეტია, რაც ბენზინზე მომუშავე მანქანებზე 5000 დოლარით მეტია.
აშშ აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ EV ბატარეების წარმოების ხარჯები საგრძნობლად შემცირდეს, რადგან ელექტრომობილების მწარმოებელმა ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან General Motors, Ford, Stellantis, შეამცირონ ელექტრომანქანების ფასები გლობალურ ბაზარზე, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს გაუადვილდება სასურველი ავტომობილის ყიდვა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, დადებითად იმოქმედებს ნავთობის მოხმარების შემცირებასა და მსოფლიოს სრულად ელექტრომანქანებზე გადასვლაში.