„ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. „დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე“ - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე

„ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ეგრეთ წოდებული ,,დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე“ - ასე ეხმაურება ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლის საკითხს.

ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია:

მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1 221.92 ლარით.

დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა.

ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში.

პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს:

მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას ( კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზ. მშობიარობა და საკეირო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია) + ექიმის აყვანის თანხა+ თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს).

თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება ( ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20%-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი..

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტ ქულები.

მრავალი სამშობიარო სახლი 1 221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკენ)!!!! აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა…(შემდეგ პოსტში აუცილებლად ჩამოვთვლით ამ სამშობიარო სახლებს)

და ეგრეთ წოდებული ,, დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე!

როგორ გგონიათ, ექიმი რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა?!,“- აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი