ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენის ეროვნულმა ოპერატორმა, „ყაზტრანსოილმა“ კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტიდან ყაზახური ნავთობის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 50%-ით გაზარდა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, 11 თვეში ექსპორტმა 3, 062 მლნ ტონა შეადგინა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,014 მლნ ტონით, ანუ 50%-ით მეტია.
„ყაზტრანსოილი“ განმარტავს, რომ აქტაუს პორტიდან ექსპორტის ზრდის მთავარი წყარო ბაქო თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისთვის ბაქოს პორტში გადაზიდული ნავთობის მოცულობაა, რაც 205,000 ტონიდან 1,238 მლნ ტონამდე გაიზარდა. ეს 2022 წლის იმავე პერიოდზე ექვსჯერ მეტია.
2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მთავრობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა დაავალა. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ყაზახეთის ეროვნულმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც „თენგიზის“ საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით წელიწადში 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ