მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანებასთან დაკავშირებით „ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძირითადი საკვლევი არეალი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს იმ მონაკვეთს მოიცავს, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის მიდამოებშია მოქცეული.
არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში ჰყვება და ის ტოპოგრაფიულად, განაშენიანების ხასიათისა და სატრანსპორტო უზრუნველყოფის მხრივ არაერთგვაროვანია.
კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე მაღალია.
პროექტებს შორის არის: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.
კვლევის თანახმად, განხილული პროექტების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, შესწავლილ პროექტებს შორის ხშირია ლანდშაფტში უხეში ჩარევისა და მწვანე სივრცითი პაუზების ამოვსების შემთხვევები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სანაპიროზე, ყოფილი რესტორან „არაგვის“ არეალში მოაზრებული განაშენიანება.
ამასთან, კვლევის თანახმად, საკვლევ არეალში შეთანხმებული და მოაზრებული პროექტების დიდი ნაწილი წინააღმდეგობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ურბანული განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიმართულებებთან.
კვლევა მომზადებულია „ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
კვლევა იხილეთ სრულად - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები