კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს. კენჭისყრა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის ვებგვერდზე გადაიცემოდა.
ინიციატივა კონგრესმენებმა ერთხმად დაამტკიცეს.
კანონპროექტი რუსეთში წარმოებული დაბალგამდიდრებული ურანის შეერთებულ შტატებში იმპორტს მისი ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ კრძალავს. თუმცა ენერგეტიკის დეპარტამენტს უფლება ეძლევა, სახელმწიფო და ხაზინის მდივნებთან კონსულტაციით რუსული ურანის იმპორტი აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული რაოდენობით დაუშვას.
შეზღუდვები 2040 წლის ბოლომდე არის გათვალისწინებული.
ინიციატივა, ასევე, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს ვალდებულებას აკისრებს, მოიძიოს და კონგრესს წარუდგინოს რუსული ურანის მიწოდების ჩანაცვლების ვარიანტები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ