სატვირთო ტრანსპორტის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან უკრაინიდან ევროკავშირისკენ და უკან გზებზე საქონლის გადაადგილება 40%-ზე მეტად გაიზარდა. მონაცემებს რეკონსტრუქციის საკითხებში უკრიანის ვიცეპრემიერი, თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, ალექსანდრ კუბრაკოვი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
კერძოდ, 2022 წელს, 2021 წლის მოცულობასთან შედარებით, უკრაინიდან ევროკავშირში საავტომობილო გზებით ექსპორტი 41%-ით, ხოლო ევროკავშირიდან უკრაინაში 11%-ით გაიზარდა. წელს უკრაინიდან ევროკავშირში ავტოტრანსპორტით ექსპორტი იმავე 2021 წელზე, ანუ უვიზო რეჟიმამდელ პერიოდზე 30%-ით, ევროკავშირიდან უკრაინაში კი 25%-ით მეტია.
შეთანხმების მხოლოდ წელიწადნახევარში, უვიზო რეჟიმამდელ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ევროკავშირში ავტოტრანსპორტით 47,5%-ით, ხოლო ევროკავშირიდან უკრაინაში 44%-ით მეტი ტვირთი გადაიტანეს.
მინისტრი, ასევე, ხაზს უსვამს, რომ დასავლელ მეზობლებთან უკრაინის საზღვრის სრულ განბლოკვას დიდი მნიშვნელობა ექნება.
„მომავალში ახალი ბლოკადების პრევენცია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპი უნდა გახდეს,“ - წერს კუბრაკოვი.
ცნობისთვის: უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 29 ივნისს მოაწერეს ხელი, ხოლო მიმდინარე წლის მარტში მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ