სამოგზაურო და სავიზო საკონსულტაციო სერვის VisaGuide.World-ის „ციფრული მომთაბარეებისთვის“ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა.
„ციფრულ მომთაბარეებს” (Digital Nomads) უწოდებენ პირებს, რომლებიც, ოფისის ნაცვლად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დისტანციურად მუშაობენ. ისინი ხშირად იცვლიან ადგილმდებარეობას, რომ მათთვის იდეალური გარემო და სამუშაო სივრცე იპოვონ.
VisaGuide.World-მა უცხოეთიდან კომფორტული მუშაობისთვის აუცილებელი ძირითადი პარამეტრები შეისწავლა, რომელიც მოიცავს: „ციფრული მომთაბარეობის“ ვიზის ხელმისაწვდომობას; ინტერნეტის საშუალო სიჩქარეს მოცემულ ქვეყანაში; საგადასახადო პოლიტიკასა და დაუბეგრავად ყოფნის ხანგრძლივობას; შემოსავლის მოთხოვნებს ვიზის მსურველებისთვის; ცხოვრების ღირებულებას ევროს ვალუტაში; ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის დონესა და მოცემული ქვეყნის პოპულარობას ტურისტებს შორის.
კვლევაში წერია, რომ „Digital Nomad Visa Index ყოვლისმომცველი სარეიტინგო სისტემაა, რომელიც ქვეყნებს „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ვარგისიანობის მიხედვით აფასებს. ინდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური და მცხოვრები დისტანციური მუშაკებისთვის გადამწყვეტია.“
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთი და საქართველო მოხვდნენ. „ციფრული მომთაბარეებისთვის“ მიმზიდველობით ესტონეთი მე-20, საქართველო კი 24-ე ადგილზეა. საქართველოში ინტერნეტის ხარისხი ესტონეთზე უარესია, მაგრამ მასზე უკეთესი საგადასახადო შეღავათები აქვს. კერძოდ, ესტონეთში ისევე, როგორც საქართველოში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი არის დაწესებული, მაგრამ საქართველოში „ციფრული მომთაბარეები“ ამ გადასახადს ექვსი თვე არ იხდიან, ესტონეთში კი მათთვის საშეღავათო საგადასახადო პერიოდი არ მოქმედებს.
ესტონეთმა დადებითი შეფასება ინტერნეტის კარგი მუშაობითა და ჯანდაცვის განვითარების მაღალი დონის გამო მიიღო. კარგად განვითარებული ჯანდაცვით საქართველოც დადებთად შეფასდა, სადაც „ციფრული მომთაბარეებისთვის,“ ასევე, ცხოვრების დაბალი ხარჯებია.
შედარებისთვის: რეიტინგში პირველ ადგილზე გასულ ესპანეთში 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი და, საქართველოს მსგავსად, იქაც ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებს. ინტერნეტის სიჩქარე ესპანეთში 248.25 მბ/წმ, საქართველოში კი 30 მბ/წმ-ია. ვიზის პრეტენდენტისთვის მოთხოვნილი მინიმალური შემოსავალი ესპანეთში 2140 ევროს, საქართველოში კი 2000 ევროს შეადგენს. ცხოვრების ღირებულება ესპანეთში 673.7 ევრო, საქართველოში კი 566,5 ევროა, ჯანდაცვის განვითარება-ხელმისაწვდომობით ესპანეთს 60,9 ქულა, საქართველოს კი 52,6 ქულა აქვს მინიჭებული. Digital Nomad Visa Index-ის მაქსიმალური ქულა 4,5-ია, რომელიც პირველ ადგილზე გასულ ესპანეთს მიენიჭა, საქართველოსთვის მინიჭებული ქულა კი 2,89-ს შეადგენს.
მე-2 ადგილზე კიდევ ერთი ესპანურენოვანი ქვეყანა, არგენტინაა. იმის მიუხედავად, რომ იქ ინტერნეტის სიჩქარე ესპანეთზე ორჯერ ნაკლებია და აპლიკანტების მინიმალური შემოსავლის მოთხოვნა უფრო მაღალია, არგენტინამ კარგი ქულები ჯანდაცვის სისტემის განვითარებით, ასევე, საგადასახადო პოლიტიკით დააგროვა, რაც „ციფრულ მომთაბარეთა“ ვიზის მოქმედების მთელ პერიოდში 0%-ს შეადგენს. „ციფრული მომთაბარეებისთვის“ ანალოგიური საგადასახადო შეღავათი გათვალისწინებულია რუმინეთშიც, რომელიც რეიტინგში მესამე ადგილზეა. რუმინეთში აპლიკანტებისთვის მინიმალური შემოსავლის მოთხოვნები ესპანეთსა და არგენტინაზე უფრო მკაცრია, მაგრამ, ამ ქვეყნებთან შედარებით, ინტერნეტი იქ უკეთ მუშაობს. რუმინეთმა კარგი შეფასება, ასევე, ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობისთვის მიიღო.
მე-4 ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, მე-7-ზე კი ლათინური ამერიკის კიდევ ერთი ქვეყანა, ურუგვაია, ხოლო ტოპ 10-ულის დანარჩენ ადგილებს, ძირითადად, ევროპული ქვეყნები ინაწილებენ, როგორიც არის ხორვატია (მე-5 ადგილი), პორტუგალია (მე-6), მალტა (მე-8), ნორვეგია (მე-9) და ანდორა (მე-10).
რეიტინგში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საბერძნეთი (28-ე), ბრაზილია (32-ე), ისლანდია (36-ე) და კვიპროსი (37-ე).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ