უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Alfa Group-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი ქვეყნის შიგნით ძებნილად გამოაცხადა. ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული პირი 10 ოქტომბრიდან წინასწარ საგამოძიებო ორგანოებს ემალება.
ფრიდმანი კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებისთვის იძებნება. ამ მუხლით ეჭვმიტანილად მილიარდერი უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეცსამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ბიზნესმენმა რუსულ სამხედრო საწარმოებში ინვესტიცია ჩადო და თავის რესურსებს ფრონტის ხაზისთვის მშრალი რაციონისა და ტანსაცმლის მოსამარაგებლად იყენებდა.
ოქტომბერში კიევის სასამართლომ ფრიდმანისა და კიდევ ორი რუსი მილიარდერის, პიოტრ ავენისა და ანდრეი კოსოგოვის 460 მლნ დოლარის აქტივები დააპატიმრა. უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ აქტივების დაპატიმრება აღმოფხვრის ფორმალურ პირებზე ქონების „გადაწერას,“ რომ თავიდან აიცილონ „უკრაინისთვის მისი შემდგომი გადაცემა.“
20 დეკემბრის მდგომარეობით, მიხაილ ფრიდმანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. Forbes Real-Time-ის რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება 12,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
ფრიდმანი ლვოვიდანაა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან Alfa Group-ის მესაკუთრეთა აქტივების მფლობელ საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-ის თანამშრომლებს წერილი დაუგზავნა, რომელშიც მომხდარს ტრაგედია უწოდა და „სისხლისღვრის“ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„ჰამასის“ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მიხაილ ფრიდმანი დიდი ბრიტანეთიდან ისრაელში გადავიდა. მილიარდერი ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციების გამო ბრიტანეთში „ცხოვრება შეუძლებელი გახდა.“ თუმცა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის მოსკოვში ჩავიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ