რუსი ტურისტები აფხაზეთში სასტუმროებს ზაფხულისთვის დეკემბრიდანვე ჯავშნიან - რა უჯდებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასვენება

აფხაზეთში 2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რუსი დამსვენებლების სრულ ბუმს ელოდებიან. TourDom-ის ინფორმაციით, ტურისტებმა აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებზე არსებული სასტუმროების დაჯავშვნა უკვე დაიწყეს. ტურისტული სააგენტოები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის მაისისთვის უკვე ძალიან ბევრი ნომერი დაიჯავშნა და რუსები სასტუმროებს უკვე ივლისის თვისთვის ეძებენ.

ამგვარი აქტივობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ბევრ ადამიანს უქმნის იმის პრობლემას, რომ მათთვის აქამდე საყვარელ ევროპულ, ამერიკულ, თუ სხვა სანქციებში ჩართული ქვეყნების კურორტებზე გაემგზავრონ. სწორედ ამან განაპირობა გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ტურისტების რეკორდული რაოდენობით შემოსვლა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დროებით ოკუპირებული აფხაზეთია, რომლის საოცარი ბუნება, ზღვის ულამაზეს სანაპიროებთან ერთად, რუს დამსვენებელს თვალს ჭრის.

არც ის ფაქტია უცნაური, რომ რუსები ზაფხულამდე ნახევარი წლით ადრე იწყებენ ნომრების დაჯავშნას, ვინაიდან აფხაზეთში არცთუ ისე ბევრი სასტუმროა. საუბარია მაღალი დონის და არა საოჯახო ტიპის სასტუმროებზე. აქედან გამომდინარე, ვისაც კარგ პირობებში სურს დროის გატარება, ის აქედანვე იწყებს აფხაზური სასტუმროების დათვალიერებას და არჩევანის გაკეთებას.

აფხაზეთში სასტუმროების სიმცირე კი ინვესტორების ნაკლებობამ გამოიწვია, რადგან იგი კვლავ სარისკო ტერიტორიად და რეგიონად მიიჩნევა, თუნდაც რუსი ინვესტორებისთვის.

როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი მოთხოვნაა განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე შემდეგ სასტუმროებზე: „აფსნი“, გრანდ ჰოტელი „რუსეთი“, „ევროპა“, „ნარტი“ და „ოქროს ქვიშა“.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსი ტურისტების მატებასთან ერთად, სასტუმროთა ფასები 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ფასებს, ივნისში, ორ ადამიანზე 10 დღით ნომრის აღება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში მინიმუმ 56 000 რუბლი ეღირება, რაც 609 დოლარის ექვივალენტია.

ბაჩანა ტყემალაძე