სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 5,617 მლნ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,816 მლნ დოლარის ღირებულების.
რაც შეეხება მოცულობას, თანხასთან ერთად, ისიც შემცირებულია, კერძოდ, წელს საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი. შედეგად, 2023 წელს საქართველოს პიროტექნიკის იმპორტი გაუძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის პიროტექნიკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები წელსაც, როგორც შარშან ბულგარეთი და ჩინეთი არიან. მათ შორის, ბულგარეთიდან უკვე განხორციელებულია 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი. ჩინეთიდან შესყიდული საქონლის ღირებულება კი 1,7 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება ექსპორტს, აქ მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კერძოდ, შარშან 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე (რეექსპორტი) 1,018 მლნ დოლარის ღირებულების (0,23 ტონა) პიროტექნიკა გავიდა, 2023 წელს, 11 თვეში ეს მაჩვენებელი 5,55 ათას დოლარამდე (1,5 ტონა) შემცირდა. თუმცა აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ წელს ექსპორტზე მთლიანად ადგილობრივი წარმოების პიროტექნიკა გავიდა და რეექსპორტი არ განხორციელებულა.