როგორ ემუქრება ჰუსიტების ბლოკადა გლობალურ ვაჭრობას და რამდენ ხანს მოუწევს მსოფლიო ეკონომიკას მასთან შეგუება?

პირველად, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ისრაელის ჰამასთან ომმა გლობალური ვაჭრობის ფართო შეფერხება გამოიწვია - იემენელმა ჰუსიტებმა, პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, ცეცხლი გაუხსნეს კომერციულ გემებს. ამის გამო უმსხვილესმა საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა შეაჩერეს კონტეინერების, ნავთობის, თხევადი გაზისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირება ევროპასა და აზიას შორის მთავარი სავაჭრო გზის გასწვრივ - წითელი ზღვის, სუეცის არხისა და ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლით.

როგორ ემუქრება ჰუსიტების ბლოკადა გლობალურ ვაჭრობას და რამდენ ხანს მოუწევს გლობალურ ეკონომიკას მასთან შეგუება - ამის შესახებ BBC წერს.

ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს, აქვთ ირანის მხარდაჭერა და მტრად მიიჩნევენ საუდის არაბეთს, აშშ-სა და ისრაელს. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი სამიზნე იყო ისრაელის სავაჭრო ფლოტი, მაგრამ გემებს, რომლებიც ისრაელთან კავშირშიც არ იყო, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ და რაკეტებიც მოახვედრეს.

შედეგად, მსოფლიოს გემთმფლობელთა უმეტესობამ, მათ შორის გიგანტებმა MSC-მა, Maersk-მა, CMA CGM-მა, საკონტეინერო გემები აფრიკის შორ მანძილზე გადაამისამართეს.

ამ ეტაპზე, ბრიტანულმა ნავთობკომპანია BP-მ და ნორვეგიულმა Equinor-მა დროებით შეაჩერეს ნავთობისა და თხევადი გაზის ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით სიტუაციის გარკვევის მოლოდინში.

S&P Global Market Intelligence-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროპას საქონლისა და ნედლეულის თითქმის 15% აზიიდან და სპარსეთის ყურედან შემოაქვს, მათ შორის ნავთობის 13% და ნავთობპროდუქტების თითქმის 22%.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და საპასუხო დასავლეთის სანქციების შემდეგ, მარშრუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა რუსული ნავთობის ექსპორტისთვის.

რა საფრთხეს ქმნის ბლოკადა?

ჰუსიტების თავდასხმებმა გაზარდა ფასები დაზღვევისა და წითელი ზღვის გემების უსაფრთხოებისთვის. შედეგად, მხოლოდ ერთ კვირაში ტვირთების ფასი 4%-ით გაიზარდა.

ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ახალი ხარჯები, მიწოდების შეფერხებები და რიგები პორტებში აუცილებლად გაზრდის საბოლოო მომხმარებლის ფასებს - გაძვირდება როგორც ბენზინი ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე საქონელი მაღაზიებში.

Financial Times-მა უკვე უწოდა ჰუსიტების ბლოკადას მსოფლიო ვაჭრობის ყველაზე დიდი გადანაწილება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. Bloomberg-ი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კრიზისი 2021 წლის კრიზისს გადაწონის, როდესაც გიგანტური საკონტეინერო გემი Ever Given სუეცის არხში გაიჭედა.

გამოსავალი

ნატოს ქვეყნები, შეერთებული შტატების მეთაურობით, პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია სამხედრო გემების დაცვის ქვეშ გემების კოლონაში გავლა. მას თან ახლავს შეფერხებები, რაც ყველას არ მოსწონს. უფრო მეტიც, მეკობრეებისგან განსხვავებით, ჰუსიტები არა მხოლოდ იტაცებენ ხომალდებს, არამედ კამიკაძე-დრონებითა და რაკეტებით ესხმიან თავს.

ამიტომ, ამ დროისთვის, დასავლური მედიის ცნობით, შემუშავებული გეგმის მთავარი ვარიანტია ნატოს ქვეყნების საზღვაო და საჰაერო ძალების მიერ რეგიონში პატრულირება და ყველაფრის ჩაჭრა, რაც იემენიდან ზღვისკენ მიფრინავს.

კიდევ ერთი ვარიანტია მათ ტერიტორიაზე ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმა - რასაც ყველაზე ნაკლებსასურველს უწოდებენ, რადგან ეს ძალადობის ესკალაციაა.

ჰუსიტების თავდასხმები მომგებიანია როგორც ირანის, ასევე რუსეთისთვის, რადგან ისინი ძირს უთხრის შეერთებული შტატების, როგორც გლობალური ვაჭრობის უსაფრთხოებისა და დასავლეთის ინტერესების უსაფრთხოების გარანტს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. გარდა ამისა, ახალი კრიზისი დამატებითი პრობლემებია ნატოს ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინასა და ისრაელს დიდძალ სამხედრო დახმარებას უწევენ.

ჩინეთი კვლავ მოშორებით დგას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ეკონომიკა მძიმე პერიოდს განიცდის და მისი კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან შეუფერხებლად ვაჭრობის უნარზე, დიდი ალბათობით ის რადიკალურ ნაბიჯებს მალე გადადგამს.

ეკა დარჩიაშვილი